Tesla-ს „თვითმართვის“ რეჟიმმა უმტყუნა და პირდაპირ პატრულს შეასკდა
მძღოლის თქმით, ის მობილურს იყენებდა, რა დროსაც, მანქანა „თვითმართვის“ რეჟიმზე ყავდა გადაყვანილი.
Tesla ამჯერად პოლიციის მანქანას შეასკდა თანაც მაშინ, როდესაც ელექტრომობილი მძღოლს „თვითმართვის“ რეჟიმზე ჰყავდა გადაყვანილი, თავად კი მობილურს იყენებდა. შემთხვევა 12 ივნისს, შუაღამისას მოხდა. ოფიცერმა თავადვე შეამჩნია მისკენ მომავალი Model S-ი და გზიდან გადავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია, Tesla-ს ავტომობილი მძღოლს ავტოპილოტის რეჟიმზე ჰყავდა გადაყვანილი თუ სრულად თვითმართვაზე, საპატრულო პოლიციამ შემთხვევა მაინც დაუდევრობად შეაფასა. განყოფილების განცხადებით, მძღოლს მანქანის მართვის დროს პასუხისმგებლობა აკისრია და არ აქვს მნიშვნელობა მანქანა თვითმართვის რეჟიმზე ჰყავს თუ არა, მანქანის მართვისთვის ნებისმიერ მომენტში მზად უნდა იყოს.
შემთხვევის შემდეგ Tesla-ს მძღოლი ადგილზე დარჩა და გამოძიებასთან თანამშრომლობს. ამ ეტაპზე ინციდენტის შესახებ ცნობილი თითქმის არაფერია, გამოძიებაც მიმდინარეობს.
View this post on Instagram
სწრაფი რეაგირების მიუხედავად, ოფიცრის Dodge Charger-ი მნიშვნელოვნად დაზიანდა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არ აქვს მნიშვნელობა Tesla ავტოპილოტზე იყო თუ სრულად თვითმართვაზე. დასახელებების მიუხედავადაც, ამაზე თავად ელექტრომწარმოებელიც საუბრობს და მომხმარებელსაც აფრთხილებს: „ამჟამად ავტოპილოტისა და სრულად თვითმართვის ფუნქციაც მძღოლისგან აქტიურ ზედამხედველობას მოითხოვს და არ ხდის მანქანას 100%-ით ავტონომიურს“.