BMW-მ ახალი, მეოთხე თაობის X3 წარადგინა
სულ მალე ბაზარზე BMW-ის ორი ახალი მოდელი გამოჩნდება. ერთი X3-ია, მნიშვნელოვანი განახლებებით, მათ შორის ჰიბრიდული ძალოვანი აგრეგატითა და ახალი ინტერიერით, მეორე კი iX3 – BMW-ის ახალი ელექტრო SUV-ი. X3-ის განახლებების მიუხედავად, ძირითად ცვლილებებს გერმანელი ავტომწარმოებელი სწორედ ელექტრო მოდელის შემთხვევაში გვპირდება.
ე.წ. „თამაშის წესების შემცვლელი“ ელექტრო SUV-ი მსურველებისთვის ხელმისაწვდომი მომავალი წლიდან იქნება. თუმცა, ფართო საზოგადოებამ, iX3 გაზაფხულზე, Vision Neue Klasse X-ის კონცეფციის საშუალებით უკვე იხილა. როგორც ცნობილია, ეს იქნება პირველი, შემდეგი თაობის ტექნოლოგიაზე აწყობილი BMW - ამჟამინდელი მოდელებისგან სრულად განსხვავებული დიზაინით, ტექნოლოგიითა და გაუმჯობესებული წარმადობით.
თუმცა, რადგან ჯერ-ჯერობით ყველა არ არის მზად ელექტროენერგიაზე გადასასვლელად, გერმანული ავტომწარმოებელი iX3-თან ერთად, შიგაწვის ძრავაზე მომუშავე X3-საც წარადგენს. 2024 წლის SUV-ის სრულად განახლებულ ვერსიას სახელწოდებიდან „i“-ის მოშორდება, რის შედეგადაც xDrive 30i ახლა უკვე xDrive 30-ით შეიცვლება. როგორც ჩანს, „i“-ის BMW თავისი სრულად ელექტრო ავტომობილებისთვის იტოვებს.
ახალ X3 30 xDrive-ში 4-ცილინდრიანი, 2-ლიტრიანი ტურბინიანი ძრავაა მოთავსებული, რომელიც 48-ვოლტიან mild-hybrid სისტემასთან ერთად, 255 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაბრუნი მომენტი 400 ნმ-ია. ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-ს 6 წამში აღწევს, მაქსიმალური სიჩქარე 210 კმ/სთ-ია. X3 M50 xDrive-ის შემთხვევაში კი, საქმე ელექტრიფიცირებულ 3-ლიტრიან ტურბინიან ძრავასთან გაქვს, 393 ცხენის ძალით და 580 ნ/მ-ის მაბრუნი მომენტით. შედეგად, კროსოვერი 0-დან 100 კმ/სთ-ს 4.4 წამში აღწევს. გადაცემათა კოლოფი, ორივე შემთხვევაში, 8-სიჩქარიანი ავტომატური Steptronic-ია.
წინამორბედთან შედარებით მცირედითაა გაზრდილი ახალი მოდელის ზომაც. პირველი კი რაც თვალში მოგხვდებათ, მანქანის კიდევ უფრო დიდი „თირკმელისებრი“ ცხაურაა, ვერტიკალური და დიაგონალური ზოლებით. ახალ X3 30-ს სტანდარტული 19-დუიმიანი ალუმინის დისკები აქვს, დამატებით 20 და 21-დუიმიანი შემცვლელებით. ხოლო X3 M50 20-იანი ალუმინის დისკებით და M Sport-ის მუხრუჭებითაა აღჭურვილი. ამას ემატება M Sport-ის რეგულირებადი დაკიდების სისტემა, სპორტული საჭე და უკანა დიფერენციალი.
ავტომობილში BMW-ის უკვე კარგად ნაცნობი iDrive 9 საინფორმაციო გასართობი სისტემა დაგხვდებათ, რომელიც ავტომწარმოებელმა პირველად 2024 წლის BMW X1-ში წარმოგვიდგინა. ახალი სისტემა მძღოლებს ბევრ ახალ ფუნქციასაც სთავაზობს. მათ შორისაა QuickSelect-ი, რომელიც მძღოლებს, მენიუში ბევრი ძებნის გარეშე, ყველაზე ხშირად გამოყენებად ფუნქციებზე წვდომას უმარტივებს.
აქვეა მანქანის რეგულირებადი სპორტული სავარძლები და ახალი კროსოვერებისთვის დამახასიათებელი, ბრტყელი ქვედა საჭე. სავარძლები ხელმისაწვდომია სამ ფერში, თავად მანქანა კი 11 ფერში იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ავტომწარმოებელი ახალ, Dune Grey ფერსაც გამოუშვებს. M50 xDrive-ის შემთხვევაში BMW-მ სულ 10 ფერი შეიმუშავა, აქედან ცხრა მეტალიზებული.
2025 წლის X3 30 xDrive-ისთვის ფასი $50,675-ად იწყება. უფრო სპორტული X3 M50 xDrive-ის საწყისი ფასი კი $65,275 იქნება. ორივე მოდელის ფასი გაზრდილია მათ წინამორბედებთან შედარებით შესაბამისად, $780-ითა და $2,380-ით. არსებული ცნობებით, 2025 წლის X3 ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე გასაყიდად მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში გამოჩნდება.