Aa Aa
22 ივნისი 2024  |  16:26

პოლ უოკერის საპროექტო მანქანა, Chevy Camaro Z/28 იყიდება

კინოვარსკვლავმა მანქანის დასრულება ტრაგიკულად გარდაცვალების გამო ვერ მოასწრო.

პოლ უოკერი და როჯერ როდასი 2013 წელს, Porsche Carrera GT-ით უბედური შემთხვევის დროს დაიღუპნენ. ორი მეგობარი, გარდაცვალებამდე, რამდენიმე საპროექტო მანქანაზე მუშაობდა. ერთ-ერთი ეს 1969 წლის Chevrolet Camaro RS Z/28-ია, კინომსახიობის ბოლო საპროექტო მანქანა, რომლის დასრულება უოკერმა ტრაგიკული გარდაცვალების გამო ვერ მოასწრო.

თუმცა, Camaro-ს დასრულებისა და განახლების შესაძლებლობა ახლა უკვე მის მომავალ მფლობელს მიეცემა. კინომსახიობის საპროექტო მანქანა აგვისტოში აუქციონზე გამოჩნდება. უოკერამდე Camaro კოლექციონერ მერლ დიუპრეის ეკუთვნოდა, რომელიც მან 1982 წელს, Martens Chevrolet-იდან შეიძინა. საპროექტო მანქანა თავდაპირველად 2013 წელს, უოკერის სხვა ნივთებთან ერთად გაიყიდა, თუმცა წლევანდელ აუქციონზე ახალი მფლობელის, Solo Speed Shop-ის მიერ განთავსდა.  

კლასიკურ მანქანას, ძველი დიდების დასაბრუნებლად, არც თუ ისე ცოტა შრომა დასჭირდება. საწარმოო ქარხნის დატოვებისას, Camaro RS Z/28, Le Mans Blue ფერის იყო, თუმცა, ახლა მანქანის კარკასის დიდ ნაწილზე საღებავი გაცვეთილია. აღსანიშნავია ისიც, რომ მანქანა Z/28 Rally-ის ბორბლებზე დგას და BF Goodrich Radial T/A-ს საბურავებითაა აღჭურვილი. საერთო ჯამში, ავტომობილი თითქმის დაუზიანებელია და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალი საღებავით, ახალი სიცოცხლეც მიენიჭება. ასაკის გათვალისწინებით, ექსტერიერზე ბევრად კარგად გამოიყურება ინტერიერი.

კოლექციონერების ყურადღებას Chevy Camaro Z/28-ს შესაძლებლობებიც მიიპყრობს. განსაკუთრებით მიმზიდველი Camaro-ს ქარხნული, თითქმის 5-ლიტრიანი V8 ძრავაა, რასაც ემატება ის ფაქტი, რომ გადაცემათა კოლოფი 4-სიჩქარიანი მექანიკაა. ახალ მფლობელს ორი გზა აქვს: აღადგინოს არსებული ძრავა და მას ძველი დიდება დაუბრუნოს ან უბრალოდ, ადგეს და შეცვალოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ დაუსრულებელ Camaro Z/28-ს, სრულყოფილ საპროექტო მანქანად გადაქცევის შესაძლებლობა აქვს.

იმ შემთხვევაში კი, თუ პოლ უოკერის მანქანის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი, აუქციონს თვალი Mecum Auctions-ის საშუალებით უნდა ადევნოთ.

 

გაზიარება: