Aa Aa
23 ივნისი 2024  |  12:52

911 GT2 RS-ი, დაუფიქრებელი მანევრის შემდეგ, სატვირთოს შეეჯახა

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს GT2 გზებზე დაბრუნებას კვლავ შეძლებს.

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში, ავტოსაგზაო შემთხვევას, Porsche-ს ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მოდელი შეეწირა. Porsche 911 GT2 RS-ი, მძღოლის „დაუფიქრებელი“ მანევრის შემდეგ, სატვირთოს შეასკდა. ინციდენტი ვიდეოკამერამ დააფიქსირა.

შემთხვევა West Gate Freeway-ისა და Prohasky Street-ის კვეთაზე მოხდა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე კარგად ჩანს ვერცხლისფერი 911, რომელიც ტრასაზე დიდი სისწრაფით მოძრაობს. შემდეგ კი ვხედავთ, თუ როგორ ცდილობს Porsche-ს მძღოლი მარჯვნიდან გვერდი აუაროს სატვირთოს, რომელსაც დიდი მოცულობის კონტეინერი გადააქვს.

თუმცა, სატვირთოს მარჯვნივ 911-ის მძღოლისთვის საკმარისი ადგილი არ აღმოჩნდა, შედეგად კი, მაღალი სიჩქარით მოძრავი Porsche ბარდიულს შეეჯახა და გაზონზე გადავიდა. ავარიიდან რამდენიმე წამში, შემთხვევის ადგილზე  BMW X5-ის პოლიციის მანქანაც გამოჩნდა და „დანგრეულ“ 911-თან და მცირედით დაზიანებულ სატვირთოსთან გაჩერდა.

ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოებზე ნათლად ჩანს ის ზიანი, რომელიც ამ „დაუფიქრებელი“ მანევრის გამო 911 GT2 RS-ს მიადგა. GT2 RS-ის წინა ნაწილის თითქმის მეოთხედი ჩამოშლილია, დამტვრეულია გვერდითა სარკე, დაზიანებულია ბორბალი და უკანა ნაწილიც. დანარჩენი ფოტოებიდანაც მარტივი დასანახია.

Porsche 911 GT2 RS-ი ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი მოდელია და როგორც წესი საკმაოდ ძვირიც ღირს. კოლომეტრაჟიდან გამომდინარე, მოდელის ფასი, $396,000-დან $529,000-მდე მერყეობს. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა დაზღვეული არ ყოფილა, რაც მძღოლის ხარჯებს ერთი ორად ზრდის.

უფრო სამწუხარო ის ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში, Porsche 911-ის რამდენიმე ძვირად ღირებული მოდელი დაიმტვრა. აპრილში, ვაშინგტონის შტატში, 911 GT3 RS-ი მდინარეში გადავარდა, მანამდე კი თებერვალში ასევე 911 GT2 RS-ი ფლორიდის გზატკეცილზე მომხდარ შემთხვევას შეეწირა. ეს მოდელი უბედურ შემთხვევებსა და საგზაო ინციდენტებს თითქოსდა „იზიდავს“, ასე რომ გასაკვირი არაა თუ რატო უწოდეს ზედმეტსახელად „ქვრივი“.

 

გაზიარება: