იტალიური M3, რომელიც ყველამ დაივიწყა
„მაზერატის“ ხსენებისას ყველას იტალიური სილამაზე, „ფერარის“ ხმა და სპორტული ავტომობილის მრავალწლიანი ისტორია ახსენდება. ამ კომპანიას უამრავი ლეგენდარული სპორტული მოდელი ჰყავს შექმნილი. დღეს ჩვენ 20 წლის წინანდელ ამბავს გავიხსენებთ, რომელიც უკვე დაძველდა, მაგრამ როგორც ვაჟა-ფშაველა ამბობს: „განა ყველა რაც ძველია კაცისგან საწუნარია?! ათასს ცოცხალსა ბევრჯელა ათჯერ სჯობს ერთი მკვდარია“. Maserati-ს ვერცერთ მოდელზე მკვდარს ვერ ვიტყვით, მაგრამ კონტექსტში ზუსტად ზის ის ფაქტი, რომ დღევანდელი ჩვენი გმირი თანამედროვე ავტომობილების გვერდით შეიძლება მოძველებულად ჩაითვალოს. მაშ ასე! თქვენს წინაშე 2000-ანების საოცნებო სპორტული მანქანაა, რომლის სახელიც Maserati 4200 GT Grand Sport-ია!
Maserati-ს ამ მოდელს რამდენიმე ვერსია ჰყავდა - Coupe და Spyder-ი. ძრავებს რაც შეეხება, თავდაპირველად, 6-ცილინდრიანი ტურბოდაბერვის მქონე ძრავებითაც გამოდიოდა, თუმცა ფლაგმანური ვერსია Grand Sport-ი 8-ცილინდრიანი იყო, რომლის მოცულობაც 4.2 ლიტრს შეადგენდა და მაქსიმალური ბრუნვათა რიცხვი თითქმის 8000-ს უტოლდებოდა. აღნიშნულ ძრავს 400 ცხენისძალის გამომუშავება შეეძლო. აბა კარგად დაფიქრდით! რას გახსენებთ V8? 4.2 ლიტრი მოცულობა? 400 ცხენისძალა და 8000 ბრუნი? დიახ, BMW E92 M3-იც ხომ თითქმის იდენტური მონაცემების მატარებელია?! თუმცა, სამწუხაროა, რომ „მაზერატი“ ყველამ დაივიწყა, M3 კი არა.
Grand Sport-ი კიდევ უფრო დახვეწილი ვერსია იყო, ვიდრე სტანდარტული Coupe. განსხვავების შემჩნევა ვიზუალურადაც და ტექნიკურადაც შესაძლებელი იყო. მასში ნამდვილ იტალიურ სტილს ყველა დეტალში იპოვიდით. ალბათ ეს მცირე დეტალებია, რის გამოც ამ მოდელს პატივს სცემენ.
მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის მოდელი დღეს უკვე მოძველებულად ითვლება, ნამდვილი და გემოვნებიანი ავტომოყვარულისთვის Maserati 4200 GT Grand Sport-ი დღემდე შეუცვლელ იტალიურ „კუპედ“ დარჩება.