Aa Aa
21 ივნისი 2024  |  18:33

Bugatti-ის ახალი სასწაული - გაიცანით, ეს Tourbillon-ია

მას 16 ცილინდრი აქვს, 3 ელექტრო ძრავა ეხმარება და 444 კმ/სთ-ს ავითარებს.
  
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰიპერავტომობილების სამყაროში. საავტომობილო ტექნოლოგიის კუთხით, ამის იქით აღარაფერი არსებობს. ეს სფერო ახლა Bugatti-ის მოდელმა გაამდიდრა, რომელიც სრულიად ახალია და Chiron-ის ბაზაზე არ არის დაფუძნებული. მიუხედავად იმისა, რომ წინა თაობის W16-იან მონსტრთან მსგავსება თვალსაჩინოა, ეს მხეცი საერთოდ სხვა კონცეფციითაა შექმნილი. მონოკოკი ახალია. დაკიდების სისტემაც ახალია. ჰიბრიდული V16-ის მსგავსი აგრეგატი აქამდე არასდროს შექმნილა. მეგობრებო, „ბუგატის“ მომდევნო თაობის ფლაგმანი, Tourbillon-ი, 1 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაგრამ 200-ცხენისძალიანი „სივიკი“ მაინც მაგა... ბოდიში, დავუბრუნდეთ ჰიპერავტომობილებს.



ამ მანქანის შესახებ გავრცელებული წინასწარი მოხსენებები მართალი აღმოჩნდა. მას 8.3-ლიტრიანი V ტიპის 16-ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომელიც წუთში 9 500 ბრუნს ასრულებს. ვინმემ რომ აღარ იკითხოს, „რატომ არის Bugatti-ის ძრავა ინჟინრული შედევრიო“ - აქვე განგიმარტავთ, რომ 16 ცილინდრიანი ძრავის ღერძი წუთში 9 500 ბრუნს რომ ასრულებს ნამდვილი სასწაულია. ეს მონსტრი აგრეგატი ტურბინის გარეშე 1 000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Cosworth-ის მიერ შექმნილი ძრავის წონა 255 კგ-ია, რაც ნიშნავს, რომ W16-ზე მჩატეა.

და დანარჩენი 800 ცხენის ძალა სადაა? ახლავე მოგახსენებთ ბატონებო. წინა ელექტრო ღერძთან ორი ელექტრო ძრავა გვაქვს. მესამე ელექტრო ძრავა კი უკანა ღერძს ატრიალებს. 25-კილოვატსაათიანი ბატარეები ჩარჩოს შუაშია განთავსებული. ეს მოწყობილობა 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ასე და ამგვარად, შიგაწვის ძრავისა და ჰიბრიდული აგრეგატის ჯამური სიმძლავრე 1 800 ცხენის ძალაა. ამ ძალის ასფალტზე გადასატანად მწარმოებელმა დისკებზე Michelin Pilot Sport Cup 2-ები გადააკრა. შედეგად, ჩვენი (ჩემს პირს შაქარი) Tourbillon-ი 0-დან 100-მდე 2 წამში ჩქარდება.




თუმცა, 0-დან 100-მდე აჩქარება ჰიპერავტომობილებში აღარაა საინტერესო. მას შემდეგ, რაც აქსელერატორის სატერფულს ბოლომდე „ჩააბუგატებთ" მანქანა 200 კმ/სთ-ს 5 წამში განავითარებს. 10 წამში 300 კმ/სთ-ს მიაღწევთ, ხოლო 25 წამზე ნაკლებ დროში 380 კმ/სთ-იან ნიშნულს მიუახლოვდებით. თუ მაქსიმალური სიჩქარის რეჟიმს გააქტიურებთ Tourbillon-ი თავის სპოილერს შეიკეცავს და სპიდომეტრზე 444 კმ/სთ-ს დააფიქსირებს. ეს ოთხიანები შემთხვევით ნეტა?

ძვირფასო მკითხველებო, ეს ყველაფერი არ არის! ამ უღმერთოებმა მანქანაში 16-ცილინდრიანი ძრავა, 3 ელექტრო აგრეგატი და ბატარეები ჩატენეს და მაინც წინამორბედზე მსუბუქი მანქანა ააწყვეს. დიახ, ის „შირონზე“ მსუბუქია. და ისიც შეუძლია, რომ ქალაქში V16-ის გრუხუნის გარეშე იმოძრაოს. ასეთ (ანუ სრულად ელქტრო) რეჟიმში ის 50-60 კილომეტრს დაფარავს. ხოლო რამდენად სწრაფად იმუხტება ახალი ჰიპერავტომობილი არ ვიცით. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს ამას?



„ბუგატიში“ Tourbillon-ს როგორც მექანიკური ინჟინერიის იდეალურ ნაწარმს ისე უყურებენ. ეს ყოველივე კი თვალსაჩინო მაშინ ხდება, როდესაც ელექტრო კარებს მაღლა ასწევთ და ანალოგური დეტალებით გაფორმებულ სალონში მოხვდებით. „ეს ანალოგური რა ჯანდაბაა კაცო“? მაჩვენებელთა დაფაზე უამრავი მექანიკური მაჩვენებელი გვაქვს და არა უზარმაზარი, იაფფასიანი ციფრული გამოსახულებები, რაც თანამედროვე მანქანაში გვხდება. რა ვქნათ, CrystalAuto-ში ასეთ დეტალებს უფრო ვაფასებთ. საჭეზე დამაგრებული საზომები, ძრავის ტემპერატურიდან დაწყებული და საწვავის რაოდენობით დამთავრებული, ყველაფერს მექანიკურად გვაჩვენებს.

ამ ნაწილის საუკეთესო დეტალი კი ისაა, რომ მაჩვენებელთა დაფა შვეიცარიული საათების მწარმოებლებმა დაამზადეს. კაცი რომ Tourbillon-ს იყიდის თავი ხომ განსაკუთრებულად უნდა იგრძნოს? საჭის ტრიალისას ეს დეტალი დაფიქსირებულია, მეტი სიზუსტისთვის. ცენტრალურ კონსოლზე ალუმინის მბრუნავი ღილაკები გვაქვს. V16-ის დასაქოქად კი კრისტალიზებული ღილაკი გვაქვს. ამ ყველაფრის „მუღამი“ ისაა, რომ Tourbillon-ის ინტერიერი არასდროს დაძველდეს. თუმცა! მცირე ზომის ციფრული ეკრანი მაინც გვაქვს. მძღოლს Apple CarPlay-ზე წვდომა უნდა ჰქონდეს.



ტკბილი ლუკმა ბოლოს შემოვინახეთ - Tourbillon-ის ექსტერიერი! ცხვირი, რომელსაც ტრადიციული ნალისებრი ცხაურა ამშვენებს, ისეთი აგრესიული და ამავდროულად დახვეწილია, როგორც არასდროს. მაშუქები კიდევ უფრო დავიწროვდა, რამაც მანქანის გამოხედვა კიდევ უფრო ცივი და დამატყვევებელი გახადა. დიფუზორი იმდენად გრძელია, რომ ის კაბინის უკნიდან იწყება. როდესაც აქტიური უკანა ფრთა მაღლა იწევა და ვერტიკალურ პოზიციაში დგება, ის მუხრუჭის ფუნქციასაც ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ Tourbillon-ის ექსტერიერი ახალია, მისი უკანა მხარე ექსკლუზიურ მოდელს, Noire-ს მაინც მოგვაგონებს. თუმცა, ეს ყოველივე ცუდი ნამდვილად არ არის.

„Bugatti Tourbillon-ის პროექტი სრულად მიჰყვება Bugatti-ის 115-წლიან გამოცდილებასა და ტრადიციას, რაც ეტორე ბუგატიმ შექმნა და დაგვიტოვა“, - აცხადებს „ბუგატის“ ხელმძღვანელი, მათე რიმაცი.

ახალ ეპოქას ბუგატი 2026 წელს დაიწყებს. Tourbillon-ის წარმოების მასშტაბები 250 ერთეულამდე იქნება. იქამდე კი ამ ავტომობილმა სერიოზული ტესტირებები უნდა გაიაროს. ეს დრო მილიონერებს თანხების მობილიზებაში წაადგებათ, რადგან ეს ხელოვნების ნიმუში არც მეტი არც ნაკლები 3.9 მილიონი დოლარი ეღირება. და ჰო, ეს საწყისი ფასია.

გაზიარება: