Aa Aa
24 ივნისი 2024  |  14:31

ახალი კვლევით, ავტონომიური მართვის ავტომობილები უფრო უსაფრთხოა

აშშ-ის უნივერსიტეტის უახლესი კვლევით, ავტონომიური მართვის მანქანები უფრო უსაფრთხოა ვიდრე ისინი, რომლებსაც ადამიანები მართავენ.

აშშ-ის „ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის“ მკვლევრებმა, ავტონომიური მართვის მანქანებისა და ადამიანების მიერ მართვადი ავტომობილების ავარიების შემთხვევები შეისწავლეს. როგორც 2016-2022 წლების მონაცემების კვლევით დადგინდა, ავტონომიური მართვის სატრანსპორტო საშუალებები უფრო უსაფრთხოა, ოღონდ მხოლოდ „გარკვეულ შემთხვევებში“.

უნივერსიტეტმა ანგარიშის შედგენისას ჯამში 2,100 ავტონომიური მართვის მანქანისა და ადამიანის მიერ მართული 35,113 მანქანის მონაცემი გამოიყენა. კვლევა კალიფორნიაში ჩატარდა, სადაც ავტონომიური მართვის ავტომობილების გადაადგილება „ჩვეულებრივ მოვლენადაა“ ქცეული.

„ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის“ ანგარიში, იმ სპეციფიკურ შემთხვევებს შორის, სადაც ავტონომიური მართვის მანქანები ბევრად უსაფრთხო აღმოჩნდა ასახელებს მიმდინარე სამშენებლო ზონებს, გადატვირთულ მოძრაობებს და მათ შორის ავარიის პრევენციისთვის საჭორო მოქმედებასაც.

თუმცა, როგორც იმავე ანგარიშით დადგინდა, თვითმართვადი მანქანებისთვის სირთულეს მზის ამოსვლისა და ჩასვლის პერიოდები წარმოადგენს, ასევე გზები, ბევრი მოსახვევებით. ამის მიზეზი კი დაბალი განათებაა, რაც თავად მკვლევრების თქმით „სენსორებს აბნევს“, მეორე შემთხვევაში კი „რთული პირობები“, რომლებიც სწორედ მანქანის მობრუნების დროს იქმნება.  

როგორც თავად კვლევაც განმარტავს, ავტონომიური მართვის მანქანების უჭირთ როგორც სწორი სავალი ზოლის, ასევე ყველაზე უსაფრთხო და ეფექტიანი გზის არჩევაც. შედეგად კი, მანქანის კონტროლის მცდელობისას, მანქანის შემობრუნებაც რთულდება.

ანგარიში სხვა ტიპის ავარიებსაც მოიცავს. მაგალითად, უკნიდან დაჯახების შემთხვევებს, რომლებიც ორივე ტიპის მანქანებში საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა აქაც ადამიანები „ლიდერობენ“. ავტონომიური მართვის ავტომობილები უფრო მარტივად არიდებენ თავს უკნიდან შეჯახებას, რაშიც მათ თანამედროვე სენსორები ეხმარებათ. სენსორები გარემოს ანალიზს ახდენენ და ადამიანებზე სწრაფად რეაგირებენ ავარიის პრევენციისთვის.

მიუხედავად ამისა, კალიფორნიაში, მანქანების ავტონომიური მართვისას ავარიების შემთხვევებიც ფიქსირდება. მათ შორის 2023 წელს, კალიფორნიაში მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა და გადაუარა. თუმცა, კალიფორნიის საავტომობილო მანქანების დეპარტამენტის მონაცემებით, შტატში ავარიების ყველაზე გავრცელებულ ტიპებს შორის არის გადაჭარბებული სიჩქარით მართვა, გზის მოპირდაპირე მხარეს მოძრაობა, მობილური ტელეფონის გამოყენება და ა.შ.

გაზიარება: