შეჯავშნული მანქანა, Cadillac, Rezvani, Rezvani Vengeance, Rezvani Arsenal
Aa
Aa

Rezvani-იმ Escalade-ზე დაფუძნებული შეჯავშნული ავტომობილი შექმნა

სტილი ისეთივე აგრესიული არაა, როგორც Rezvani Vengeance-ის შემთხვევაში, თუმცა, სამხედრო ელემენტები ახალ მოდელშიც შემორჩენილია.

Rezvani კონსერვატიული სტილით ცნობილი არასდროს ყოფილა. და მართალია, ამერიკულ კომპანიას ახალი მოდელი ისეთივე აგრესიული არ გამოუვიდა, როგორც წინამორბედები, სიტყვა „კონსერვატიულით“ ამ Rezvani Arsenal-საც ვერ დავახასიათებთ.

ახალი ავტომობილი სახელწოდებით, Rezvani Arsenal-ი ამერიკულმა მარკამ Cadillac Escalade-ის ბაზაზე შექმნა და შეიძლება ითქვას, ამ უკანასკნელისთვის ძლიერი კონკურენტიც გამოუვიდა. მიუხედავად ამისა, აგრესიულობით, Arsenal-ი Rezvani Vengeance-ის ნამდვილად ჩამოუვარდება.

ცნობისთვის, Rezvani-ის ორივე SUV-ი Escalade-ის ბაზაზეა აწყობილი, თუმცა, ახალ Arsenal-ს თავად ავტომწარმოებელიც, ბევრად „ელეგანტურ შეჯავშნულ ავტომობილად“ ახასიათებს. ექსტერიერის დახვეწილობასთან ერთად კი უნდა აღინიშნოს შედარებით დიდი ზომის გვერდითა ფანჯრებიც, რომლებიც Rezvani-მ მანქანას უკეთესი ხილვადობისთვის დაუყენა.

ერთი სიტყვით, ეს მანქანა სრულად მზადაა უგზოობასთან გასამკლავებლად. ავტომობილის სამხედრო გარეგნობას Military Edition-ის საბურავების კომპლექტაცია, შეჯავშნული შუშები და კორპუსი ემატება. ასევე, კარის ელექტრიფიცირებული სახელურები, წიწაკის სპრეის დისპენსერები, ღამის ხედვის სითბური კამერა - თითქოსდა ყველაფერი ის უცნაურობა, რასაც სწორედ Rezvani-სგან უნდა ველოდოთ.  

დამატებითი საფასურის სანაცვლოდ კი, Arsenal-ის შეძენა მსურველებს B6 დონის ჯავშნითაც შეუძლიათ. ამ სტანდარტის მიხედვით, ჯავშანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებსაც კი უძლებს. სურვილის შემთხვევაში მანქანაზე ფეთქებადი მოწყობილობის აღმომჩენი სისტემაც მონტაჟდება, უსაფრთხოებისთვის კი, Rezvani მომხმარებელს გაზის საწინააღმდეგო ნიღბებსაც სთავაზობს.

მაღალი ხარისხის ინტერიერი კი Rezvani-ის საფირმო ნიშანია: ტყავის სავარძლები გათბობისა და გაგრილების სისტემით, 19-დინამიკიანი აუდიო სისტემა, Cadillac-ის OLED მობიტორი... თუმცა, ექსტერიერსა და ინტერიერზე საუბრისასა არც ძრავის შესაძლებლობები უნდა დავივიწყოთ. ეს არის 6.2-ლიტრიანი V-8 ძრავა, რომელიც 700 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევთ, თუ არადა მაშინ 3-ლიტრიან, 6-ცილინდრიან ერთრიგა ძრავას უნდა დასჯერდეთ.

რაც შეეხება ფასს - არ გაგიკვირდებათ და Rezvani-ის ახალი მოდელი არც თუ ისე იაფია. Arsenal-ის ფასი $225,000-დან იწყება, „დამატებით სიამოვნებებთან ერთად კი“, ღირებულებაც უფრო იზრდება. ავტომწარმოებელი Arsenal-ის მხოლოდ 100 ეგზემპლარის წარმოებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები