X5-ს 25 წელი შეუსრულდა - BMW თარიღს სპეციალური მოდელით აღნიშნავს
X5 Silver Anniversary Edition-ს უგზოობისთვის განკუთვნილი საბურავები ქარხნულად ექნება.
სად იქნებოდა დღეს BMW რომ არა მისი SUV-ები? შესაძლოა პურისტებს ეს ბრენდი უფრო მეტად ჰყვარებოდათ, მაგრამ მიუნხენში ბუღალტრებს ძალზედ მძიმე ფინანსურ ამოცანებთან მოუწევდათ გამკლავება. დღეს ეს კომპანია მსოფლიოში პრემიუმ სეგმენტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტომწარმოებელია. რამდენიმე წლის წინ ბავარიელებმა გაყიდვებში უკან Mercedes-Benz-იც ჩამოიტოვეს. ამ წარმატებაში დიდი როლი კი SUV-ებს მიუძღვის. ეს ისტორია X5-ით დაიწყო.
დღეს BMW-ში პირველი SUV-ის, E53 თაობის X5-ის 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ. პირველმა მოდელმა სპარტანბურგის ქარხანა 1999 წლის 1 სექტემბერს დატოვა. მე, სტატიის ავტორი, მაშინ სულ რაღაც ორი წლის ვიყავი. სწრაფად გადის დრო და ბევრი რამ იცვლება. ასევე ბევრჯერ და სწრაფად განვითარდა X5-ის ხაზიც. 2025 წელს კი X5-ის სპეციალურ მოდელს, Silver Anniversary Edition-ს ვიხილავთ, რომელიც xDrive40i-ზე იქნება დაფუძნებული. სტანდარტული მოდელისგან მას ბევრი დამატებითი ფუნქცია, ინდივიდუალური ფერი (Lime Rock Grey) და სპეციალური წარწერები გამოარჩევს.
BMW-ს ნამდვილი „ოფროუდერი“ ჯერ არ ჰყავს შექმნილი, თუმცა ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები X5-ში გადადგა. მოდელი სტანდარტულად xOffroad Package-ი ექნება, რაც ორღერძიან ჰაერის საკისარზე მომუშავე დაკიდების სისტემასა და მექანიკურ ბლოკირებად უკანა დიფერენციალს გულისხმობს. ასევე, სპეციალური დამცავი ექნება მანქანის „მუცელსაც“. გაუმჯობესებულია კლირენსიც. დამატებულია მართვის რეჟიმებიც - xSnow, xSand, xGravel და xRocks-ი. თითოეული რეჟიმი კლირენსს (ანუ მანქანის სიმაღლეს), მოჭიდების სისტემას, კოლოფის სიჩქარეთა მონაცვლეობას, აქსელერაციას და სხვა პარამეტრებს ცვლის.
თუმცა, ეს ყველაფერი არაა. BMW-მ თავის ახალ პროდუქტს მარილიც მოაყარა და მანქანა ე.წ. xOffroad კამერითაც აღჭურვა. ის 35 კმ/სთ-მდე მუშაობს და მძღოლს გარშემო არსებული გზის ზედაპირის შესახებ ზუსტ ინფორმაციას აწვდის. ასევე, ცენტრალურ კონსოლზე ყველა ის საჭირო ინფორმაცია გამოდის, რაც უგზოობაში სასიარულოდ არის საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ X5-ს „ოფროუდისთვის“ ბევრი არ იყენებს, Silver Anniversary Edition-ის შეძენა ქარხნულად სპეციალური უგზოობის საბურავებითაც შეიძლება.
სალონში კარბონის მუქი აქცენტები მანქანამ M Sport-ის მოდელისგან მიიღო. ამ დეტალით მხოლოდ X5 M60i და X5 M Competition-ი გამოდის. დაბალ კომპლექტაციებში კი საერთოდ არ გვხვდება.
X5 Silver Anniversary Edition-ი სულ 1 000 ეგზემპლარად იარსებებს. აშშ-ში მისი საწყისი ფასი კი 81 000$ იქნება.