ელექტრო, Xiaomi, SU7, Xiaomi SU7, MX11, Ferrari Purosangue
Aa
Aa

Xiaomi ბიუჯეტური Ferrari Purosangue-ის შექმნაზე მუშაობს

Xiaomi-მ ახალი მოდელი შესაძლოა SU7-ის ბაზაზე შექმნას, ან სრულად ახალი ბაზა გამოიყენოს.

სულ რამდენიმე თვის წინ, ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ საკუთარი წარმოების პირველი ელექტრომობილი SU7 (SU Speed Ultra) წარადგინა. „სუპერელექტროძრავის“ ტექნოლოგიის მქონე სედანის წარდგენის შემდეგ კი მალევე, ფირმამ ახალ მოდელზე დაიწყო მუშაობა. Xiaomi-ის SUV-ის პირველი პროტოტიპის შესახებ ჭორები აპრილში გავრცელდა, ახლახან კი სოციალურ ქსელში მანქანის ფოტოებიც გავრცელდა.

როგორც ჩანს, Xiaomi-ის ახალი მოდელი სახელწოდებით, MX11, ისეთივე დიდი ზომის არ იქნება, როგორსაც სხვა რენდერების შემთხვევაში შევეჩვიეთ, თუმცა, ჩინურ სოციალურ მედიაში გავრცელებული ფოტოებიდან ერთი რამის დაზუსტებით თქმა ნამდვილად შეგვიძლია: MX11 ფორმითა და ზომით ნამდვილად მოგვაგონებს Ferrari Purosangue-ის.

ასე რომ, ისიც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალი SUV-ის სახით სმარტფონების ცნობილმა მწარმოებელმა მომხმარებელს შედარებით ბიუჯეტური Purosangue შესთავაზა. ფოტოებიდან დამატებით ისიც შეიძლება ითქვას, რომ MX11 ე.წ. „ლიფტბეკისა“ (დახრილშუშიანი უნივერსალი) და სტანდარტული SUV-ის ერთგვარი ნაზავია, თუმცა მანქანა შედარებით დაბალია, რაც მას უფრო სპორტულ შესახედაობასაც ანიჭებს. SU7-ის სედანისგან განსხვავებით, ახალ მოდელში განახლებულია სახურავიც და მანქანის უკანა ნაწილიც.

რაც შეეხება ახალი Xiaomi-ის წინა ნაწილს, ის შედარებით აწეულია, მანქანის ექსტერიერში კი თითქმის სრულად დაფარულია როგორც ფარები, ასევე ცხაურა და სავენტილაციო გისოსები. მიუხედავად ამისა, ალბათობა დიდია, რომ ახალი MX11-ის ეს ნაწილები SU7-ის მსგავსი იქნება.

Xiaomi-ს ახალი მოდელის უნიკალური ფორმა განსაკუთრებით თვალშისაცემი გვერდითა ხედიდანაა. შედარებით მაღალია, როგორც მანქანის გვერდითა კარი, ასევე ფანჯრებიც. ეს ცვლილებები მანქანაში უფრო დიდ სივრცეს ქმნის მგზავრებისთვის და ბარგის განსალაგებლადაც.

MX11-ის ტექნიკური მახასიათებლები ამ დროისთვის არ გასაჯაროებულა. თუმცა, აპრილში გამოქვეყნებულ მოხსენებაში საუბარი იყო სრულად განსხვავებულ ტექნოლოგიაზე, რომლის გამოყენებასაც Xiaomi-ი სწორედ თავის ახალ მოდელში გეგმავს. ამის მიუხედავად, თუ SU7-სა და MX11-ს შორის მსგავსებებს გავიხსენებთ, ჩინურ კომპანიას იმავე პლატფორმის გამოყენება ალბათ უფრო იაფი დაუჯდება.

ჩინური მედიის ინფორმაციით, Xiaomi-ის ახალ მოდელს 2025 წელს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები