ეს Toyota GR Corolla ედვარდ მაკრატელხელებას „შემოქმედებას“ მოგაგონებთ
ახალმა მფლობელმა GR Corolla Circuit Edition-ი პოლონეთში ჩაიყვანა და ამჟამად, მის შესაკეთებლად ნაწილებს ეძებს.
სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვის საკუთრებას სრულიად უმიზეზოდ ანადგურებენ, ან აზიანებენ. სწორედ მსგავსი ფაქტის წინაშე აღმოჩნდა ერთ დღეს ამ Toyota GR Corolla-ს ყოფილი მფლობელი, რომელსაც მანქანის ინტერიერი ისეთ დღეში დახვდა, თითქოს მასში ვინმეს მთელი ღამით პუმა ჰყავდა გამომწყვდეული.
ამჟამად უკვე ახალი მფლობელი, თავის „დასახიჩრებულ“ მანქანასთან ერთად პოლონეთში იმყოფება და GR Corolla Circuit Edition-ისთვის ძველი იერსახის დასაბრუნებლად მუშაობს.
ბოლომდე მაინც არავინ იცის თუ როგორ მიიღო მსგავსი დაზიანებები GR Corolla-მ. ფაქტია, რომ მანქანა ასეთ მდგომარეობაში აუქციონზე, ლოტი ნომერ 38661748-ად გამოჩნდა. „პირველადი დაზიანების“ კატეგორიაში Corolla-ს „ვანდალიზმი“ აქვს მითითებული, თუმცა, დაზიანებული ამ შემთხვევაში მხოლოდ მისი ინტერიერია - ავტომობილის ექსტერიერი კი ფოტოებზე თითქმის ხელუხლებელი ჩანს.
„დაგლეჯილმა“ Corolla-მ სოციალური მედიის მომხმარებლებს ფანტაზიაც გაუხსნა. ზოგმა შემთხვევას „გამწარებული ყოფილი შეყვარებულის ისტორიაც“ უწოდა. რასთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე შედეგი ერთია: მანქანის ინტერიერი განადგურებული და თითქმის სრულად შესაცვლელია.
მის განახლებაზე ფიქრი კი უკვე ახალ მფლობელს მოუწევს. Corolla, რომელსაც სულ რაღაც 18 ათასი კილომეტრი აქვს გავლილი, $31,725-ად გაიყიდა და პოლონეთშიც გაემგზავრა. ახალი მფლობელის პოსტები კი, რომელიც მანქანის აღსადგენად დახმარებას ითხოვს, Corolla-ს ინტერნეტ ჯგუფებში უკვე გამოჩნდა.
„ცოტა ხნის წინ მივიღე გადაწყვეტილება და ჩემი ოცნების ავტომობილი, Toyota GR Corolla შევიძინე. ეს მოდელი ევროპაში არ იყიდება, თუმცა, მისი შეძენა იმდენად მინდოდა, რომ ამერიკიდან ჩამოვიყვანე. მანქანა წარსულში ვანდალიზმის მსხვერპლი გახდა, რის გამოც ინტერიერის სრულად შეცვლას საჭიროებს. იმედი მაქვს, რომ შესაბამისი ნაწილების მოძიებაში დამეხმარებით, რათა Corolla-ს მისი ძველი იერსახე დავუბრუნოთ“, - წერს მანქანის ახალი მფლობელი სოციალურ ქსელში.