Aa Aa
27 ივნისი 2024  |  16:21

ახალი BMW M5 ჰიბრიდია და წინამორბედზე უფრო ნელია

ახალი M5 ელექტრო აგრეგატით აღჭურვეს, რის გამოც მანქანის წონა 2 400 კგ-ს სცდება.

უახლესი, 2025 წლის BMW M5 აქ არის და ისეთი მძლავრია, როგორც არასდროს! ყველაზე საინტერესო სიახლე, რაც BMW-ს მოყვარულებისთვის უმნიშვნელოვანესია ისაა, რომ სუპერსედანების სამყაროს ბოსი საბოლოოდ ელექტრო ძრავით აღიჭურვა. ეს სვლა, ალბათ, იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე წინა თაობაში სრულად ამძრავ სისტემაზე გადასვლა იყო. ხოლო მას შემდეგ, რაც წაიკითხავთ თუ რამდენს იწონის ახალი M5, შესაძლოა ბავარიული მწარმოებლისადმი არსებული თქვენი გრძნობები და შეფასებები გადაიხედოს (BMW-ს „ფანებზეა" საუბარი).

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, M5-ს „გაჰიბრიდულება“ მაინც მოუწევდა. თუმცა, აღსანიშნია, რომ ბავარიელებმა მძლავრი V8 აგრეგატის შენარჩუნება მაინც შეძლეს. ეს კი კარგი ამბავია. თანაც, ეს ძრავა თავის ელექტრო „თანამშრომელთან“ ერთად ჯამში 717 ცხენის ძალასა და 1 000 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.




თუმცა საყურადღებო ამბავი ისაა, რომ ახალი ძრავის სიმძლავრე, წინამორბედ M5-თან შედარებით, ნაკლებია. მეშვიდე თაობის M5-ის შიგაწვის ძრავა 577 ცხენის ძალას და 750 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. მაბრუნი მომენტის პიკური მაჩვენებელი 1 800 ბრუნიდან არის ხელმისაწვდომი.

გეტყვით იმასაც, რომ ეს ზუსტად ის S68 ძრავაა, რომელიც BMW-ს ფლაგმანურ XM-ის SUV-ში გვხვდება. თუმცა, M5-ისთვის აგრეგატი სხვა პროგრამით მუშაობს. რაც შეეხება, ელექტრო ძრავას, ის 194 ცხენის ძალასა და 280 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. საინტერესო ისაა, რომ ჯამური სიმძლავრე 771 ცხენის ძალის ნაცვლად 717-ია. ეს შესაძლოა იმით აიხსნას, რომ მაქსიმალურ სიმძლავრეზე მონაცემები არ არის დათვლილი. BMW-ს მიერ გავრცელებული ეს პარამეტრი, მაღალი ალბათობით, სამუშაო სიმძლავრეა.



მძიმე წონითი კატეგორია

ახალი M5-სა და ფლაგმანურ XM-ს შორის კიდევ ერთი მსგავსება ისაა, რომ ორივე მანქანა მძიმეა. ბატარეებზე და ელექტრო ძრავაზე „შეჯდომამ“ M5-ს საკმაოდ ბევრი კილოგრამი დაუმატა. შეგახსენებთ, რომ წინამორბედი M5-ის წონა 1 971 კილოგრამი იყო. 2025 წლის M5 კი 2 445 კგ-ს იწონის. მთელი ნახევარი ტონა!

კომფორტზე ორიენტირებულ მაღალი წარმადობის მოდელებს, M5-ის მსგავსად, წონის მატება ახასიათებთ. თუმცა, როდესაც F10 თაობის M5 სრულად ამძრავმა F90-მა ჩაანაცვლა, ახალი მანქანა შედარებით მსუბუქი იყო. ეს კი ძალოვანი აგრეგატის მსუბუქი კომპონენტებით დამზადების დამსახურება იყო.



მომატებული წონა კარგად ხსნის იმას, თუ რატომ ჩქარდება 0-დან 100-მდე 2025 წლის M5 მის წინამორბედზე ნელა. თუ F90 M5 0-დან 100-მდე 3.2 წამში ჩქარდებოდა G90 M5-ს სიჩქარის ამ ნიშნულის მისაღწევად 3.4 წამი სჭირდება. F90 თაობის M5 Competition-ი 100 კმ/სთ-ს 3.1 წამში ავითარებდა. ამ თაობის CS-ის მოდელში კი აჩქარების დრო 2.9 წამამდე გაუმჯობესდა. მაქსიმალური სიჩქარე ახალ თაობაში უცვლელია და ის 250 კმ/სთ-მდეა შეზღუდული.

ჰიბრიდის ისტორია

რა საჭიროა ჰიბრიდის სისტემა თუ ის აჩქარებასა და მაქსიმალურ სიჩქარეს არ აუმჯობესებს? BMW-ში მიიჩნევენ, რომ M5 ნულოვანი გამონაბოლქვის, სრულად ელექტრო რეჟიმით 40 კილომეტრს დაფარავს. ეს მონაცემი ბევრი ნამდვილად არ არის. სვლის ეს მარაგი, ალბათ, მაღაზიაში გასასვლელად თუ გეყოფათ.


M5 ჰიბრიდული აგრეგატით გამონაბოლქვის რეგულაციების დასაკმაყოფილებლად აღიჭურვა. ამას ისიც ემატება, რომ მისი ახალი შიგაწვის ძრავა უფრო მეტ ბრუნს ასრულებს, ხოლო ელექტრო აგრეგატი მას მაღალ ბრუნებზე ზურგს უმაგრებს.

მთელი ამ ჭკვიანური ძალოვანი აგრეგატის მიერ გამომუშავებული სიმძლავრე 8-სიჩქარიანი M Steptronic კოლოფით ნაწილდება.

სრულად ამძრავი სისტემა რჩება

წინამორბედის მსგავსად, 2025 წლის M5 სრულად ამძრავია. სტანდარტულ რეჟიმში ძალა 4-ვე საბურავზე ნაწილდება, მაგრამ თუ კლასიკური M ავტომობილისთვის დამახასიათებელი მართვის გამოცდილება დაგჭირდებათ ღილაკის ერთი დაჭერით წინა ხიდი გაითიშება. აბრაკადაბრა! 


ვიზუალი: უარესიც შეიძლებოდა

ჰო, აქამდე ისე მოვედით, რომ სტილზე ერთი სიტყვაც არ გვითქვამს. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა შოკისმომგვრელად არ გამოიყურება, რასაც BMW-მ თავის ბოლო მოდელებში მიგვაჩვია, ამ მანქანას „ლამაზს“ მაინც ვერ ვუწოდებთ.

ცხაურა ახლა გადაბმულია და მისი შიდა მხარე პრიალა შავი მასალითაა დაფარული. ამ დეტალში მძღოლის დამხმარე სისტემებია ინტეგრირებული, რის გამოც ეს ცხაურა EV-ისას მოგაგონებთ. აღსანიშნავია LED-ი კონტურიც, რაც, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ „ცხვირს“ უხდება. 




ახალი არავისთვის იქნება ის, რომ M5-ს სტანდარტულ ვერსიასთან შედარებით უფრო დიდი ფრთები და თაღები აქვს. ამ დეტალით ის წინ 7.6, ხოლო უკან 4.8 სანტიმეტრით უფრო განიერია. რაც შეეხება დისკებს, წინ 20 დუიმიანი დისკი გვაქვს, რომელზეც 285/40 ზომის საბურავია გადაკრული, ხოლო უკანა 21-იან დისკებზე 295/35-ზე ზომის რეზინები გვაქვს. ახალი M5 სამი დისკის არჩევანით გამოვა.

დისკები წინ 16-დუიმიან, ხოლო უკან 15.7-დუიმიან სამუხრუჭე დისკებს მალავს. ეს იმაზეა მეტია, ვიდრე საშუალო ბიუჯეტური მანქანის დისკის ზომა. მანქანის მყისიერ დამუხრუჭებას წინ 6-დგუშიანი სუპორტი უზრუნველყოფს.
საგულისხმოა, რომ M5-ის კორპუსზე არსებული ყველა სავენტილაციო არხი ფუნქციურია. მათი ნაწილი მუხრუჭებს აგრილებს, რადიატორებს ჰაერს აწვდის და აეროდინამიკური ნაკადს ქმნის. უკანა მხარეს სრულად ახლებური დიზაინის მაშუქები გვაქვს. მანქანის ამ ნაწილს აგრესიულ ვიზუალს ორი ტყუპი ქრომირებული მაყუჩი ამშვენებს.

ახალი საჭე და ინტერიერის ულამაზესი განათება

M2-ისგან განსხვავებით, M5-ის კარბონის სავარძლებით შეძენა არ იქნება შესაძლებელი. ამის ნაცვლად თქვენ სალონში M-ის მრავალფუნქციური სავარძლები დაგხვდებათ, რაც გრძელ გზებზე კომფორტულად მგზავრობაში დაგეხმარებათ.




ინტერიერის ერთ-ერთ გამორჩეული დეტალი საჭეა, რომელიც მრგვალი აღარ არის. ამ საკითხის შესახებაც აზრი ორად აუცილებლად გაიყოფა. აღსანიშნავია, რომ მანქანას სტანდარტულად მოჰყვება Bowers & Wilkins-ის აუდიო სისტემა, ე.წ. „ჰედს-აფ“ ეკრანი და Sky Lounge პანორამული ჭერი. სიმსუბუქის მოყვარულებს თავიანთი M5-ის შეკვეთას კარბონის სახურავითაც შეძლებენ, რაც წონას 30 კილოგრამით შეამცირებს.

მძღოლის განკარგულებაში 14.9-დუიმიანი მაჩვენებელთა დაფა და 12.3-დუიმიანი მულტიმედიის სისტემა იქნება. განახლებულია პროგრამული სისტემა, რის შემდეგაც, ავტომობილში ფიზიკური ღილაკები თითქმის აღარ გვხვდება. 

ფასი?

2025 წლის BMW M5-ის მსოფლიო დებიუტი Goodwood Festival of Speed-ზე მომავალ თვეში გაიმართება. 2018 წელს გამოსული M5-ის ფასი 102 600$-დან იწყებოდა. უახლესი მოდელის შესაძენად კი მსურველებს მინიმუმ 119 500$-ის გამზადება მოუწევთ.

როგორ მოგწონთ ახალი M5? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: