Aa Aa
28 ივნისი 2024  |  14:04

პირველი გამოჩენა: როგორ გამოიყურება Ferrari-ის ელექტრომობილი?

როგორც უკვე ვნახეთ, Ferrari-მ დაპირებების მიუხედავად თანამედროვეობას ფეხი აუწყო და მომდევნო წელს, თავის ისტორიაში პირველი ელექტრომობილის წარმოებაც დააანონსა. იტალიური ავტომწარმოებლის EV-ი 2025 წელს გამოვა და ის არც მეტი არც ნაკლები ნახევარი მილიონი დოლარი ეღირება.

Ferrari-ის „ახალი ქმნილების“ შესახებ ჯერ ბევრი არაფერი ვიცით, თუმცა, დასავლურ გამოცემებში უკვე გამოჩნდა ფოტოები, რომლებიც მის ვიზუალურ მხარეზე საუბრის საშუალებას გვაძლევს. რაც ყველაზე მარტივად შეგვიძლია ვთქვათ ისაა, რომ Ferrari-ის პირველ ელექტრომობილს Maserati Levante-სგან გადმოღებული მოდიფიცირებული კორპუსი და Ferrari Roma-ს ფარები აქვს.

ყველაზე მნიშვნელოვანი და თან კომიკური კი ამ შემთხვევაში სხვა საკითხია: უკანა ბამპერზე, მანქანას „ყალბი“გამოსაბოლქვი მილის საცმი უყენია, ისეთი, როგორსაც გაზზე მომუშავე მანქანების შემთხვევაში ვხვდებით. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ეს მხოლოდ საჩვენებელია და რეალურად არც არაფერს აკეთებს. მანქანაზე ვხედავთ ყვითელ სტიკერებსაც, რაც როგორც წესი, უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, მანქანის ელექტრობაზე მიუთითებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ავტომწარმოებლების მიერ EV პროტოტიპზე ხელოვნური გამოსაბოლქვი სისტემის დაყენება საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. მაგალითად, ამას ძალიან დიდი ხანია Porsche თავის ელექტრო Boxster-ზე აკეთებს.

ასე რომ, Ferrari-ის პირველი ელექტრომობილის შესახებ ჯერ კვლავ ბევრი არაფერი ვიცი. მათ შორის არც ის, თუ რომელი ავტომობილის ბაზაზე გადაწყვეტს ავტომწარმოებელი ახალი ელექტრომობილის შექმნას. დამატებით ინტრიგას ამ თემას ისიც მატებს, რომ Ferrari იდუმალი მანქანისთვის სრულად ახალ ქარხანასაც აშენებს, წარმოებას კი დაახლოებით 30%-ით გაზრდის.

დაზუსტებით არც ის ვიცით ეღირება თუ არა Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი. ამ ფაქტზე დასავლური მედიები აქტიურად წერენ, თუმცა, თვითონ კომპანიაში „ჭორებს“ ჯერ არ ადასტურებენ. კომპანიაში არც წარმოების მოცულობა დაუზუსტებიათ. მაგრამ, გავრცელებული ხმებით, უახლოეს მომავალში, Ferrari-ის ელექტრომობილის 14,000-დან 20,000-მდე ეგზემპლარს ვიხილავთ.

პარალელურად კი, იტალიელები არც V12-ებს ეშვებიან და როგორც გვპირდებიან, მათ წარმოებას იმ დრომდე გააგრძელებენ, რამხენხანსაც ამის საშუალებას კანონმდებლობა მისცემთ. თუმცა, არც ელექტრომობილებს თმობენ და გეგმასაც ასაჯაროებენ.

მიმდინარე გეგმით, ათწლეულის ბოლოსთვის Ferrari-ის მიერ წარმოებული ავტომობილების 40% ელექტრო იქნება, 40%-იც ჰიბრიდი, 20% კი, ICE მოდელებისთვის დარჩება. Ferrari-ში თვლიან, რომ შიგაწვის ძრავებს მომავალი ჯერ კიდევ აქვს და იმედებს, მდგრად საწვავზე ამყარებენ.

გაზიარება: