Aa Aa
1 ივლისი 2024  |  14:44

Genesis: ახალი „სუპერქარი“, რომლის შეძენასაც ვერ შეძლებთ

Genesis-ის ახალი ავტომობილი Gran Turismo-სთვისაა შექმნილი, თუმცა, ის რეალურ ცხოვრებაშიც არსებობს.

Cadillac-ის მსგავსი დახვეწილი კონცეფციებით, სამხრეთ კორეული Genesis-ი ავტომოყვარულებს ხშირად ანებივრებს. ეს არის მანქანები, რომელთა ხილვაც სიამოვნებას გვანიჭებს, თუმცა, რეალურად, მათ შეძენას, ვერასდროს შევძლებთ.

Hyundai-ის ძვირად ღირებულმა ბრენდმა Gran Turismo-ს ვირტუალური სამყაროსთვის რიგით უკვე მეოთხე, განსხვავებული კონცეფცია შექმნა. უახლესი მოდელი, სახელწოდებით Genesis X Gran Racer Vision Gran Turismo, პირველად სამხრეთ კორეაში, 2024 წლის Busan Motor Show-ზე გამოჩნდა.

Genesis-ის ქმნილება მის წინამორბედ, Genesis X Gran Berlinetta Concept-ისგან ბევრად აგრესიული სტილით გამოირჩევა - ძირითადი ფოკუსით მანქანის დამწოლ ძალასა და აეროდინამიკურ შესაძლებლობებზე. ეს ყველაფერი, Racer Vision Gran Turismo-ს სხვა მოდელებთან შედარებით, უფრო მეტად სარბოლო სტილის ავტომობილად აქცევს.

Genesis-ის ახალ კონცეფციაში გაუმჯობესებულია მანქანის ჰიბრიდული ძრავის შესაძლებლობები: V6-ძრავა 870 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 10,000-მდე ბრუნს ასრულებს, ხოლო მაბრუნი მომენტი 1000 ნიუტონ მეტრს აღემატება. დამატებით, Racer Vision Gran Turismo წინა ღერძზე განთავსებული ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც თავის მხრივ, 670 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ჯამურად, ორივე ძრავის შესაძლებლობები 1540 ცხენის ძალას და 1500 ნიუტონ მეტრს აღწევს.

შედეგად, წინა კონცეფციასთან შედარებით, Genesis-ის ახალი მანქანის შესაძლებლობები 467 ცხენის ძალითა და 90 ნიუტონ მეტრითაა გაზრდილი. თუმცა, ამ ზრდას, რეალურად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მანქანა მხოლოდ Gran Turismo-ში, სტატიკური ჩვენებისთვის არსებობს. ალბათ, ბევრი მოყვარული მის რეალობაში ხილვასაც ისურვებდა, მაგრამ, ეს როგორც წესი მხოლოდ სურვილად რჩება ხოლმე.

ექსკლუზიური კონცეფციების ხაზ Magma-სთან ასოციაციის გასაძლიერებლად, Genesis-მა ახალი მოდელის ექსტერიერი ნარინჯისფერ ფერში გადაწყვიტა. Magma ავტომწარმოებლის ახალი ქვებრენდია, რომელიც სპეციალურად მაღალი წარმადობის ავტომობილებისთვის შეიქმნა და ასევე ნარინჯისფერ მოდელებს - GV60-სა და G80-ს აერთიანებს. Genesis-ის მთავარი კრეატიული დირექტორის განცხადებით, Magma-ს მოდელები არ იქნება ისეთი მძიმე, როგორც BMW M-ის, Mercedes-AMG-ის ან Audi Sport-ის შემთხვევაში.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის კონცეფციისგან განსხვავებით, Genesis-მა გარკვეული ცვლილებები მანქანის ინტერიერშიც შეიტანა. სალონი გადაკეთდა ერთადგილიანად, კარბონის სავარძლითა და სრულად ინტეგრირებული უსაფრთხოების კარკასით. მანქანას ახალი ღილაკები სხვადასხვა პარამეტრების, მათ შორის მოჭიდების დასარეგულირებლად დაემატა.

Genesis-ის გუნდი ახალი ავტომობილის Gran Turismo-ში დამატების თარიღს ჯერ არ ადასტურებს. ამ დრომდე არ გამოსულა თამაშის ივნისის განახლებაც, რომელსაც როგორც წესი, თან რამდენიმე ახალი, უფასო მანქანაც მოჰყვება ხოლმე.

 

გაზიარება: