Corvette, Chevrolet, Rezvani, Rezvani Beast, Chevrolet Corvette, C8 Chevrolet Corvette, Corvette Stingray
Aa
Aa

Rezvani Beast: 1000 ცხენის ძალის შეჯავშნული Corvette

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Rezvani-მ მის ისტორიაში პირველი ავტომობილი 2014 წელს Aerial Atom-ის ბაზაზე გამოუშვა და მას ამბიციური სახელიც - Beast (ურჩხული) - შეურჩია. გავიდა ათი წელი და იმავე სახელწოდების გამოყენებით Rezvani-მ ისტორიის განმეორება გადაწყვიტა, თუმცა, ამჯერად მოდელი მაღალი წარმადობის C8 Chevrolet Corvette-ის შასის გამოყენებით შექმნა.

დანარჩენი კი თავის სტილში დატოვა და ახალი „მხეცი“ კარის ელეექტრო სახელურებით, ტყვიაგაუმტარი მინითა და 1000 ცხენის ძალით აღჭურვა. თუმცა, მანქანის შესახებ საუბარი, მაინც, ძრავის შესაძლებლობებით უნდა დავიწყოთ. ეს არის 6.2-ლიტრიანი V8, რომლის მსგავსის პოვნაც Corvette Stingray-ის კაპოტქვეშაც შეგიძლიათ.

როგორც გითხარით, მანქანა 1 000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო მაბრუნი მომენტი 1 200 ნიუტონ მეტრია. დამატებითი დეტალები ძრავასთან დაკავშირებით უცნობია, მხოლოდ ის ვიცით, რომ მანქანა 8-სიჩქარიანი, ორმაგი ქუროს მქონე ავტომატური ტრანსმისიით არის აღჭურვილი.

Rezvani-ის მტკიცებით, Beast-ი 100 კმ/სთ-ს 2.5 წამში აღწევს, ხოლო 402 მეტრს (მეოთხედი მილი) 9.6 წამში ფარავს. ახალ მოდელში წარმადობის გაუმჯობესებას ხელს კარბონის კორპუსი უწყობს, რაც მანქანის წონას 1340 კილოგრამამდე ამცირებს.

ექსტერიერში შენარჩუნებულია C8 Corvette-ის გარკვეული დეტალები, მათ შორის დიდი ზომის გვერდითი ჰაერის შემშვებები და მოხსნადი სახურავი. თუმცა, Corvette-ის უფრო მკვეთრ ფორმებთან შედარებით, Rezvani-ის მოდელში წინა ტუჩი და ფრთები ბევრად უფრო გლუვი ფორმისაა. „სუპერქარობას“ კი ამერიკული Beast-ი „ბატერფლაის“ სტილის კარებითაც ამტკიცებს.

რაც შეეხება მანქანის ინტერიერს, აქ პირველ რიგში ყურადღებას მანქანის საჭე იქცევს, რომლის ზედა ნაწილიც „მოჭრილია“. ავტომობილზე მსგავსი საჭის დაყენებას, თავად Rezvani-ის გუნდში „ფორმულა 1“-ის გავლენას უკავშირებენ.

დამატებით $45,000-ის გადახდის შემთხვევაში, მსურველები Rezvani Beast-ის „007“-კომპლექტაციას მიიღებენ, რომელშიც გაზის საწინააღმდეგო ნიღბები, წიწაკის სპრეის დისპენსერები და ღამის ხედვის სითბული კამერები შედის. გარდა ამისა, ავტომწარმოებელი მოდელის შეჯავშნულ ვერსიასაც წარადგენს, თუმცა, ამ შემთხვევაში, მსურველებს დამატებით კიდევ $55 ათასის გადახდა მოუწევთ.

სხვა შემთხვევაში მანქანის ფასი $485,000-იდან იწყება. თუმცა, სურვილებისდა შესაბამისად იზრდება და „007“-კომპლექტაციასა და შეჯავშნულ კორპუსთან ერთად, $585,000-მდე ადის.

მსგავსი სიახლეები