კვლევა, ელექტრომობილი, შიგაწვის ძრავა, ბენზინი
Aa
Aa

კვლევა: EV-ის მფლობელთა ნახევარს ბენზინზე დაბრუნება სურს

ბოლო რამდენიმე წელია, რაც ავტომწარმოებლები აქტიურად ელექტრომობილების წარმოებაზე გადაერთნენ და მათი სამომავლო გეგმებიც რეგულაციებს მოარგეს. ზოგიერთმა მათგანმა ბენზინზე მომუშავე ავტომობილების წარმოების შეწყვეტისთვის კონკრეტული ვადებიც კი დააწესა. არიან ისეთებიც, რომლებიც კვლავ შიგაწვის ძრავებს „ებღაუჭებიან“ და საწვავის ალტერნატიული, შედარებით მდგრადი ვერსიების განსავითარებლად ინვესტიციებსაც ზრდიან.

ახალ რეგულაციებს, რომლებიც განსაკუთრებით მკაცრად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედებს, მძღოლთა ნაწილიც მოერგო და სამომავლოდ, თავის ტკივილის ასარიდებლად, ელექტრომობილებიც შეიძინა. თუმცა, როგორც ახალი კვლევა მოწმობს, მათი ნაწილი გადაწყვეტილებას „ნანობს“ და ბენზინზე დაბრუნებასაც კი განიხილავს.

McKinsey & Co.-ის 2024 Mobility Consumer Pulse-ის უახლესი კვლევით, შეერთებულ შტატებში მძღოლთა 46%-ს (გლობალურად 30%) ბენზინის მანქანებზე გადასვლა სურს. მიზეზად, ელექტრომობილებისთვის განთავსებულ გაუმართავ ინფრასტრუქტურა სახელდება.

კვლევის ფარგლებში, გლობალურად გამოკითხულთა 35% აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურის უმეტესობა, რომელიც საჯარო სივრცეებშია განთავსებული, დიდწილად გაუმართავია. რესპონდენტთა 34%-ის თქმით, ელექტრომობილების ფლობისა და შენახვის ხარჯი კვლავ საკმაოდ მაღალი რჩება, 32% კი EV-ების ძირითად სისუსტედ დიდ მანძილზე გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს.

ელექტრომობილებიდან ბენზინზე მომუშავე მანქანებზე გადასვლის სხვა მიზეზებს შორის მძღოლები ასახელებენ სახლში მანქანების დამუხტვის შეუძლებლობას (24%), ასევე რესპონდენტთა ნაწილი იმასაც ამბობს, რომ მათთვის, შიგაწვის მანქანების მართვა ბევრად უფრო სასიამოვნო იყო. ამ უკანასკნელს აშშ-ში გამოკითხულთა 18%, ხოლო გერმანიაში - 28% ამტკიცებს.

საინტერესოა, რომ შიგაწვის მანქანებზე დაბრუნების მსურველთა ყველაზე მცირე რაოდენობა - 13%, თავს იაპონიაში იყრის. სხვა ქვეყნების მაგალითზე კი მსურველთა რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება: იტალია (15%), საფრანგეთი (18%), გერმანია (24%), ჩინეთი (28%) და ბრაზილია (38%).

 

მსგავსი სიახლეები