Aa Aa
3 ივლისი 2024  |  18:00

არა, უკრაინის პირველ ლედის Bugatti Tourbillion-ი არ შეუძენია

უკრაინის პირველი ლედი რუსული პროპაგანდის სამიზნედ იქცა.

რუსული დეზინფორმაციის მსხვერპლი წლების განმავლობაში არაერთი ადამიანი გამხდარა. ყალბი ამბების გავრცელება რუსებს ძალიან უყვართ, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ საქმე უკრაინას და ომს ეხება. მათი სამიზნე ამჯერად უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე გახდა.

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის სახელისუფლებო მედიების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პირველმა ლედიმ, Bugatti Paris-დან არც მეტი არც ნაკლები Bugatti Tourbillion-ი შეიძინა. გავრცელებულ ჭორებს მალევე მოჰყვა მეორე მხარის  გამოხმაურება. პროპაგანდისტული მედიების წინააღმდეგ სარჩელი კი თავად Bugatti Paris-მა შეიტანა.

როგორც იტალიელმა ჟურნალისტმა დევიდ პუენტემ X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა, ამბის თავდაპირველი წყარო ფრანგულენოვანი ვებგვერდი Verite Cachee (დამალული სიმართლე) იყო, რომელიც საფრანგეთში, გასულ თვეში, საყოველთაო არჩევნებამდე გააქტიურდა. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ვებგვერდი სავსეა დაბალი ხარისხის, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული, პრორუსული კონტენტით. ამ საიტზევე განთავსებული სიუჟეტი მალევე საკუთარ პლატფორმაზე რუსულმა სახელმწიფო გამოცემა „ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა.

მომხდარს, ასევე X-ის საშუალებით გამოეხმაურა უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი. მათი განცხადებით, ინფორმაცია Bugatti Tourbillion-ის შესყიდვასთან დაკავშირებით მცდარია და შესაძლოა მიზანმიმართულადაც გამოქვეყნდა, სწორედ ნატოს სამიტამდე. სამიტი მომავალ კვირას ვაშინგტონში გაიმართება და მას, უკრაინის პირველი პირიც დაესწრება.

Bugatti Paris-ის განმარტებით, Verite Cachee-ს მიერ გამოქვეყნებული შესყიდვის ინვოისი ყალბია. დოკუმენტზე არ ჩანს საჭირო სამართლებრივი დეტალები, მანქანის აღწერილობა და ფასი არაზუსტია, გრაფიკა კი მოძველებული. კომპანიის განცხადებით, ისინი, მსგავს დოკუმენტს არავითარ შემთხვევაში არ გასცემდნენ.

თუმცა, საზოგადოებას ძალიან უყვარს მსგავსი ამბების დაჯერება.  ცოტა ხნის წინ, მსგავსი დეზინფორმაციული ინფორმაცია დუგანის საიტებმაც გაავრცელეს. ვებგვერდები უკრაინის პრეზიდენტის მიერ ორი იახტის შეძენაზე საუბრობდნენ, რაც საბოლოოდ, მსგავსად ამ ამბისა, სიცრუე აღმოჩნდა.

 

გაზიარება: