Mansory-ის უახლესი F8XX-ი საავტომობილო პორნოგრაფიაა
F8 Spider-ის ეს „ბოდიკიტი“ Ferrari-ის ტრეკისთვის გამოშვებული XX მოდელებით არის შთაგონებული.
Mansory-ის ქმნილებების შესახებ ჩვენს პლატფორმაზე ხშირად ვწერთ. გასულ წელს ამ ატელიემ Ferrari F8 Spider-ის მოდიფიცირებული ვერსიაც გამოუშვა, რომელსაც cTempesta Turchese უწოდა. მანქანას გამორჩეული აეროდინამიკური დანამატები და ორ ტონში გადაწყვეტილი საღებავი ჰქონდა. წელს კომპანია ახალი F8 Spider-ით დაბრუნდა და ის შარშანდელ მოდელზე გიჟურია!
მიუხედავად იმისა, რომ ახალ მონსტრს ინდივიდუალური სახელი არ აქვს, მას ბევრი უნიკალური დეტალი დაუმატეს. რთულია წარმოსადგენია ვინმემ ამ F8-ს შეხედოს და იფიქროს, რომ მასში სტანდარტულზე მეტი თანხის გადახდა ღირს. თუმცა, Mansory ეგზოტიკურ ვერსიებს მაინც კარგად ყიდის.
ახალი იტალიური კაბრიოლეტის წინა ნაწილი სრულად განახლებულია. იქ სპეციალური კარბონის მასალისგან დამზადებული ტუჩი და ჰაერის შემშვებები გვხვდება. ცხვირს ამავე ტიპის კარბონისგან დამზადებული აეროდინამიკური დანამატები, ფარფლები და ჭრილებიც ამშვენებს. როგორც ხედავთ, სპეციალური ტექსტურის მქონე მასალისგანაა დამზადებული საქარე მინის ჩარჩოც.
ცვლილებები აქ არ წყდება. ატელიემ წინ 21-იანი, ხოლო უკან 22-იანი დისკები დააყენა. ეს უკანასკნელიც კარბონის დეტალებით არის დამშვენებული. აგრესიული სტილისაა ლარტყებიც, რომელსაც უკანა დიფუზორი საოცრად ერწყმის. დიფუზორიდან კი ოთხი შავი მაყუჩი იმზირება.
ინტერიერი ექსტერიერზე უფრო შოკისმომგვრელია. სალონის თითოეულ პანელზე ამ უჩვეულო ფერის ტყავია გადაკრული. ერთადერთი ადგილი, სადაც ეს მასალა არ გვხვდება ინტერიერის კარბონის გაფორმებაა.
Mansory-იმ მოდიფიცირების გარეშე არც აგრეგატი დატოვა. 3.9-ლიტრიანი ტურბინიანი V8 868 ცხენის ძალასა და 960 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.