Aa Aa
4 ივლისი 2024  |  16:33

Geely-ის EV-ბატარეას მილიონი კილომეტრის დაფარვა შეუძლია

გარდა ამისა, Geely-ის ახალი ბატარეა -30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე თავისი მოცულობის 90.54%-საც ინარჩუნებს.

ჩინურმა ავტომწარმოებელმა Geely-მ ელექტრომობილებისთვის ახალი, ლითიუმ-რკინა-ფოსფატის ბატარეა წარადგინა. Geely-ის განცხადებითვე, EV-ბატარეას 1 მილიონი კილომეტრის დაფარვა შეუძლია და 50 წლამდე გაძლებს. ბატარეა უფრო სწრაფად იტენება, უკეთ მუშაობს დაბალ ტემპერატურაზე და ექსტრემალურ სიტუაციებთან გამკლავებაც შეუძლია.

Geely-ის ახალ ბატარეას, რომელიც „მოკლე სამართებლის“ სახელითაა ცნობილი, განახლებული არქიტექტურა აქვს, ენერგოეფექტიანობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. ბატარეაში შემცირებულია ქიმიური რეაქციების მაჩვენებელი, რისი საშუალებითაც, ბატარეის სასიცოცხლო ციკლი, სხვა სახის ბატარეებთან შედარებით, უფრო მეტად გაზრდილია.

ჩინური ავტომწარმოებლის ახალი EV-ბატარეის დამუხტვა 3,500-ჯერაა შესაძლებელი, რაც 1 მილიონი კილომეტრის მგზავრობის ეკვივალენტურია. კომპანიის განცხადებითვე, მიუხედავად 50-წლიანი გამძლეობისა, წლების გასვლასთან ერთად, ბატარეის მუშაობის ხარისხი და ეფექტიანობა ნარჩუნდება. ამასთან ერთად კი, ახალი ბატარეების წარმოებისას დაბინძურების გამოყოფა წელიწადში 80,000 ტონაზე მეტით შემცირდება. ბატარეის მოცულობა 192 ვატ.საათ/კილოგრამია და ის დაახლოებით 40%-ით უფრო პატარა ზომისაა, ვიდრე მისი ტრადიციული კონკურენტები.

საინტერესოა, რომ როგორც ერთი და იმავე მოცულობის მქონე ბატარეებზე ჩატარებული ტესტები აჩვენებს, მოკლე ფორმის ბატარეები უფრო სწრაფად იტენება ვიდრე გრძელი. მაშინ, როდესაც გრძელპირიანი ბატარეების 10%-დან 80%-მდე დამუხტვას 26 წუთი დასჭირდა, მოკლეპირიანისას კი - 17 წუთი და 4 წამი. ამავდროულად კი, გრძელპირიანი ბატარეის ტევადობა -30°C-ზე 78.96%-მდე დაეცა, მოკლე ვერსიის შემთხვევაში, 90.54%-მდე შენარჩუნდა.

Geely აქცენტს ბატარეის უსაფრთხოებაზეც აკეთებს. საიზოლაციო ფენა ბატარეას მოკლე ჩართვისა და გადახურებისგან იცავს. ტესტირების პროცესში მას 5.8-მილიმეტრიანი ტყვია ესროლეს, მოათავსეს ზღვის წყალში, ცეცხლში და უკიდურესად ცივ გარემოშიც. Geely ელექტრობატარეებზე მუშაობას განაგრძობს, თუმცა ჯერ არ დაუკონკრეტებია თუ როდის დაიწყებს უკვე ელექტრომობილების წარმოებას, მისი ახალი „ქმნილების“ გამოყენებით.

გაზიარება: