პაპარაცებმა მომავლის BMW Neue Klasse EV Coupe დააფიქსირეს
პირველად დაფიქსირებული Neue Klasse-ს სერიის სპორტული კუპე BMW-ს ახალი შემადგენლობიდან იქნება.
BMW ელექტრო ავტომობილების ახალ შემადგენლობაზე მუშაობს, რომელსაც Neue Klasse სერიების ფარგლებში გამოუშვებს. ექვსი ახალი მოდელი 2027 წელს უნდა ვიხილოთ. მოდელებიდან ერთ-ერთი ახლახან პაპარაცებმა დააფიქსირეს. როგორი ამბავია?! მანქანა BMW-ს არც ერთ აქამდე გასაჯაროებულ მოდელს არ ჰგავს.
თვალისმომჭრელი სპორტული კუპე Carscoops-ის ფოტოგრაფებმა დააფიქსირეს. ეს ყველაზე დრამატული დიზაინის მქონე BMW-ა, რაც ბოლო ათწლეულში გვინახავს. ერთადერთი, რითაც ის აქამდე გავრცელებულ კონცეპტუალურ მოდელებს მოგვაგონებს ცხვირია. წინ წვრილი მაშუქები და ხელისმომწერი დიზაინის ვიწრო ცხაურა გვაქვს.
სურათებში კარგად ჩანს თუ რამდენად დაბლა დგას მისი ცხვირი. ეს ამ სტილის მქონე მანქანისთვის დამახასიათებელია. თუმცა, ოდნავ მაღალი გვეჩვენება მანქანას უკანა ნაწილი (მაგრამ... ინჟინრებმა უკეთ იციან). პროფილი კი ჩინებულად გამოიყურება. თუ წინა მხარე უფრო მეტად მერვე სერიის სიმაღლეზეა, უკანა მანქანა X6-ს მოგაგონებთ.
მანქანის დიზაინში კიდევ ერთი გამორჩეული დეტალი კარი სახელურების არარსებობაა. ნაცვლად ამისა, მანქანას, B-ის ფორმის დგარზე, შეხებით მოძრავი პანელი აქვს. აღსანიშნავია უკან გამოკვეთილი დიფუზორი.
ამ BMW-ს თავისი წინაპრებისგან მხოლოდ დიზაინი როდი გამოარჩევს. Carscoops-ის ჯაშუშური წყაროების მიხედვით, მას ოთხი ელექტრო ძრავაც აქვს, რომელიც თითოეულ ბორბალთან არის განთავსებული. ეს იმით აიხსნება, რომ ტრადიციული სამუხრუჭე სუპორტები არ გვაქვს. თუ არ გჯერათ სურათებს კარგად დააკვირდით.
BMW-მ მორგვზე მიმაგრებული ელექტრო ძრავების განსავითარებლად გერმანულ კომპანია DeepDrive-თან ერთად დიდი ინვესტიცია განახორციელა. ამით ბავარიულმა მწარმოებელმა ინოვაციებისადმი თავდადება კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ამ ძრავების შესახებ ტექნიკური მონაცემები არაა ცნობილი. თუმცა, როგორც BMW-მ განაცხადა, კომპანია 1 341 ცხენისძალიან სისტემას ტესტავს.
მოგწონთ BMW-ს სამომავლო იდეები? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.