რამდენი მილიონი კილომეტრის დაფარვა შეუძლია მანქანას?
Mercedes-Benz 240D-ს, რომელსაც 1988 წლიდან ტაქსისთვის იყენებენ, 7 მილიონ კილომეტრზე მეტი აქვს გარბენი.
რამდენად დიდხანს იტოვებთ ავტომობილს ან რამდენად დიდ მანძილებზე ატარებთ მას? აშშ-ში ჩატარებული კვლევებით ვიგებთ, რომ საშუალოდ ადამიანი მანქანას 3 წლით იჩერებს, ან 30 000-35 000 კილომეტრის გავლის შემდეგ ყიდის. თუმცა, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ახალმა მანქანამ ათი წელი მაინც უნდა გაძლოს. ხოლო არიან ისეთებიც, რომლებიც მანქანას ბოლომდე წურავენ და ოდომეტრზე მილიონ კილომეტრს სცდებიან.
რამდენიმე წრეზე დატრიალებულ ოდომეტრებს ხშირად მერსედესის ტაქსის მანქანებზე შეხვდებით. ამას ერთი ჩინებული მაგალითი და ისტორია მოწმობს: გრან-კანარიას კუნძულზე, იქ სადაც ჩვენი ლეგენდარული კალათბურთელი - გიორგი შერმადინი თამაშობს, დადის W123 თაობის Mercedes 240D, რომელიც ტაქსის კომპანიას 1988 წლიდან ემსახურება. ეს იშვიათი ფორმის მქონე 7-ადგილიანი „მერსედესია“. მას 72-ცხენისძალიანი დიზელის ძრავა და 5-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფი აქვს.
Tenerife News-ის მიხედვით, 240D-ს დღეში სამი მძღოლი იცვლის. თითოეული ცვლა 8 საათიანია. შედეგად, მანქანა დღეში, საშუალოდ, 700 კილომეტრს გადის. ჯამში კი 7 მილიონ კილომეტრზე მეტი აქვს დაფარული.
როგორც ჩანაწერიდან ვიგებთ, მანქანას ზეთი წელიწადში 52-ჯერ ეცვლება. მილიონი კილომეტრის გავლის შემდეგ, სრული შემოწმება უტარდება OM 616 ძრავას, რის გამოც ძრავა ერთხელ შეიცვალა. დიახ, მეგობრებო, მხოლოდ ერთხელ. ბუნებრივია, რომ ასეთ გარბენზე გარკვეული დეტალები აღარ არის ქარხნული.
ასეთი მიღწევის გამო 2008 წელს ამ 240D-ის სრული რესტავრაცია ჩაუტარეს და სატრანსპორტო კომპანიის სავიზიტო ბარათად აქციეს. იმ პერიოდში მანქანას 4.5 მილიონი კილომეტრი ჰქონდა გავლილი. მას შემდეგ ეს რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. კომპანია ცდილობს მანქანა თავდაპირველ ფორმაში შეუნარჩუნოს, მაგრამ მათ მძღოლის სავარძლის, საჭისა და მგზავრის სავარძლის მოდიფიცირება მაინც მოუწიათ.
ასევე, გამაგრებულია კორპუსიც. ასე ე.წ. „რკინის დაღლის“ გამო გამოწვეული ღრეჩოები იქნება კომპენსირებული. ასევე, ჩანაცვლებულია სამუხრუჭე სისტემაც.
თუ ეს მანქანა ოდომეტრზე 10 მილიონ მილს დააფიქსირებს (და გვერწმუნეთ, რომ ასე მოხდება), გრან-კანარიას კუნძულზე დიდი ზეიმი იგეგმება.