ლუის ჰამილტონმა, 2021 წლის შემდეგ, პირველი გრან-პრი მოიგო
ბრიტანელმა პილოტმა 945 დღის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა და Silverstone-ზე რამდენიმე ახალი რეკორდიც დაამყარა.
შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონისთვის 945-დღიანი ლოდინი დასრულებულია. 2021 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად, ლუის ჰამილტონმა „ფორმულა 1“-ის ტრასაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და ეს საკუთარ კედლებში, Silverstone-ზე მოახერხა.
გუშინდელი ტრიუმფი ბრიტანელი პილოტისთვის რეკორდული აღმოჩნდა. „ფორმულა 1“-ის ისტორიაში, Silverstone-ზე ყველაზე მეტი, 9 გამარჯვება სწორედ ჰამილტონს ეკუთვნის. 56 რბოლის შემდეგ მოპოვებული პირველი გამარჯვება, შვიდგზის ჩემპიონი Mercedes-ის ლიდერისთვის, ბოლო წლებში ყველაზე ემოციური აღმოჩნდა.
მიუხედავად მეოთხე პოზიციიდან დაწყებული რბოლისა და რიგი წინააღმდეგობებისა, F1-ის მოქმედმა ჩემპიონმა მაქს ფესრატპენმა ბრიტანეთის გრან-პრი მეორე პოზიციაზე დაასრულა. „მფრინავ ჰოლანდიელსა“ და ჰამილტონს შორის განსხვავება მხოლოდ 1.465 წამი იყო. შედეგად, მაქსმა ჩემპიონატში 255 ქულა დააგროვა და ახლა უკვე 84 ქულით უსწრებს McLaren-ის პილოტ ლანდო ნორისს, რომელმაც გუშინდელი რბოლა მესამე პოზიციაზე დაასრულა.
რაც შეეხება Silverstone-ის ტრიუმფატორს, პილოტთა სატურნირო ცხრილში ლუისი, 110 ქულით, მხოლოდ მე-8 ადგილს იკავებს. მიმდინარე სეზონზე, ჰამილტონს ჩემპიონატში დაგროვებული ქულებით Red Bull-ის, McLaren-ისა და Ferrari-ის ორივე პილოტი და თავისივე თანაგუნდელი - ჯორჯ რასელიც (111 ქულა) უსწრებს.
რბოლამდე არანაკლებ საინტერესო კი კვალიფიკაცია აღმოჩნდა, სადაც Mercedes-ის პილოტებმა დუბლი გაიფორმეს. თუმცა, ჯორჯ რასელისთვის, წარმატების გარანტორი ვერც ავსტრალიაში გამარჯვება და ვერც, ბრიტანეთის გრან-პრიზე პოულ პოზიცია გახდა. რასელმა რბოლა პირველი პოზიციიდან დაიწყო, თუმცა შეჯიბრს 33 წრეზე გამოეთიშა, Mercedes-ის გუნდი კი, მხოლოდ ერთი პილოტით დარჩა. ამჯერად, რასელის გამოთიშვა, არა „ბოლო წრის უიღბლო ავარიის“, არამედ წყლის სისტემის გაუმართაობამ გამოიწვია.
კარიერაში რეკორდული 104-ე გამარჯვებით ჰამილტონი F1-ის ისტორიაში პირველი პილოტი გახდა, რომელმაც ერთი ტრასა ცხრაჯერ მოიგო და ასევე პირველია - ჯამში 16 სეზონში მოპოვებული გამარჯვებებით. დღემდე, ამ რეკორდის თანამფლობელი ჰამილტოლთან ერთად Ferrari-ის ლეგენდა მიხაელ შუმახერი იყო.
„მფრინავს ჰოლანდიელს“ ზედიზედ უკვე მეორე რბოლაა გამარჯვება არ უზეიმია. კითხვები გაჩნდა Red Bull-ის ბოლიდის შესაძლო გაუმართაობასთან დაკავშირებითაც. გამარჯვებას მონატრებული მაქსი კი, ჩემპიონატს და მომდევნო წრეებს ბევრად დაძაბულს და საინტერესოს გახდის.
მიუხედავად ამისა, ჩემპიონატის ლიდერი 373 ქულით კვლავ Red Bull-ია, მეორე ადგილზე Ferrari-ია 302 ქულით, შემდგომ მოდის McLaren-ი (295 ქულა) და Mercedes-ი (221 ქულა).