Ford-ი წყალდიდობის შედეგად დაზიანებულ მანქანებს სკოლებში გაგზავნის
განადგურების მაგივრად, Ford-ი, GM-ი და Stellantis-ი წყალდიდობის შედეგად დაზიანებულ მანქანებს სკოლებში, სასწავლო მიზნებისთვის გადაგზავნიან.
ბოლო პერიოდში, ბუნებრივი კატასტროფების შედეგად, დიდი რაოდენობის მანქანები დაზიანდა და განადგურდა. ხშირ შემთხვევაში ამ მანქანათა ნაწილი კერძო პირის საკუთრებაშია, თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც კომპანიის მანქანები ზიანდება და მათი გაყიდვაც, ამ ფაქტიდან გამომდინარე, თითქმის შეუძლებელი ხდება.
საავტომობილო ტექნოლოგიები იმაზე უფრო სწრაფად ვითარდება ვიდრე ოდესმე, სკოლებს კი, კვლევებითა და სწავლებებით, ამ განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ. თუმცა, მსგავს სწავლებებს შესაბამისი ტექნიკა და ინვენტარიც სჭირდება. სწორედ ამ მიზნით, Ford-ის გუნდში გადაწყვიტეს, რომ წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ავტომობილები განადგურების ნაცვლად სკოლებში, სასწავლო პროგრამებისთვის გადააგზავნონ.
ამ თემასთან დაკავშირებით ცოტახნის წინ ინფორმაცია Detroit Free Press-მა გაავრცელა. გამოცემის ცნობით, შტორმისგან განადგურებული Mustang-ები გააშრეს, გაწმინდეს და სკოლებისთვის გადასაცემად გაამზადეს. სექტემბრის შემდეგ, აშშ-ის მასშტაბით სკოლებში გასაგზავნად შესაბამის დაწესებულებებს უკვე 300-ზე მეტი Mustang-ი მიაწოდეს.
Ford-ის მანქანების გამოყენებით მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ თანამედროვე მანქანების რთული სისტემები შეისწავლონ. Mustang-ების გარდა ავტომწარმოებელი სკოლებს ფურგონებს, სატვირთოებსა და ჯიპებსაც გადასცემს. აღსანიშნავია, რომ მსგავს პროგრამებში Ford-ის გარდა ჩართულია Stellantis-ი და General Motors-ი.
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, Ford-ი ავტომობილებს და მათ დოკუმენტაციას ჩამოწერს - რათა დარწმუნდეს, რომ სკოლებისთვის გადაცემული დაზიანებული მანქანები ტრასაზე დაბრუნებას მომავალში ვერასდროს შეძლებს. ამისთვის, დოკუმენტებში Ford-ის დაზიანებული მანქანების დასახელება „ჯართად“ იქნება კვალიფიცირებული.