რა არის BYD და რატომ გვხვდება მისი წარწერები Euro 2024-ზე?
ჩინური ფირმა „სამომავლო საერთაშორისო გაფართოების ფარგლებში“ საფეხბურთო ტურნირზე ყურადღებას იპყრობს.
თუ Euro 2024-ს უყურეთ და ახლაც უყურებთ, შეუძლებელია არ შეგემჩნიათ BYD-ის სარეკლამო ბანერები. BYD ჩინური ავტომწარმოებელია, რომელიც დიდი საფეხბურთო ტურნირის ერთ-ერთი მთავარი სპონსორი გახდა. მისი ბრენდირება გერმანიის 10 სტადიონზე იყო შესამჩნევი.
UEFA-ს მიხედვით ვიგებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მაყურებელთა ჯამურმა რაოდენობამ წელს ხუთი მილიარდს გადააჭარბა. ამ მონაცემით კი Euro 2020-ის რეკორდიც დაემხო. BYD-ის წარწერები კი ისეთი ბრენდების გვერდით გვხდებოდა, როგორიც Adidas-ი, Coca-Cola და მონათესავე ჩინური კომპანიები - Alipay და Hisense-ია. გეტყვით იმასაც, რომ ჩინურმა ავტომწარმოებელმა ტურნირზე Volkswagen-ი ჩაანაცვლა.
„ისინი ფოკუსირდებიან სამომავლო საერთაშორისო გაფართოებაზე და თავიანთ ფინანსურ რესურსებსა და კაპიტალს უცხოურ ბაზრებზე თავის დამკვიდრებას ახმარენ. ეს კამპანია განსაკუთრებით ევროპაშია შესამჩნევი,“ - აცხადებს International Institute for Management Development-ის პროფესორი ერთ-ერთ ინტერვიუში.
BYD-ის გაყიდვების 97% ჩინეთის ბაზარზე მოდის. ევროპის ქვეყნების წილი კი მხოლოდ 0.5%-ია. სწორედ ამ ციფრის გაზრდას ემსახურება ჩინური ავტომწარმოებლის ახალი სტრატეგია. შეგახსენებთ, რომ 2035 წლისთვის ევროკავშირის ქვეყნებში დაიწყება შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილის გაყიდვაზე შეზღუდვა. შესაბამისად, ელექტრომობილებზე მოთხოვნა მზარდი იქნება.
BYD ევროპაში ქარხნის გახსნასაც გეგმავს. კერძოდ, სამ წელიწადში კომპანიამ საწარმოო ხაზი უნგრეთში უნდა გახსნას. ქარხანა მხოლოდ და მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებაზე იქნება ორიენტირებული.
გეტყვით იმასაც, რომ 2023 წელს BYD-ი ელექტრო ავტომობილების წარმოების მასშტაბებით მსოფლიოში ლიდერი კომპანია იყო. BYD-ის ელექტრომობილების წარმოებამ თითქმის სამ მილიონს მიაღწია.