ავტონომიური მართვის ტერმინატორი ტრასაზე ბზარებს ასწორებს
ამ სატრანსპორტო საშუალებას ARRES-ი ჰქვია და ამჯერად გაერთიანებულ სამეფოში გადის ტესტირებას.
ლონდონის ქუჩებში ტერმინატორის ფორმის, ავტონომიური მართვის სატრანსპორტო საშუალება გამოჩნდა, რომელიც ლოკოკინას ტემპით გადაადგილდება. „გზის ავტონომიური სატრანსპორტო სისტემა“ - შემოკლებით ARRES - ამჟამად პრაქტიკულ ტესტირებას გაერთიანებულ სამეფოში გადის. ARRES-ს ლაზერები არ აქვს, თუმცა, ტროტუარზე ბზარების ამოჩენა და ამოვსება შეუძლია.
ARRES-ის ექსტერიერი ბევრს Tesla-ს Cybertruck-ს ახსენებს, თუმცა უფრო მეტად Blade Runner-ის სიუჟეტს მოუხდება. სახელწოდებით კი, ბერძნულ მითოლოგიაში ომის ღმერთის - არესის - სახელთან ასოცირდება.
ხუმრობის გარეშეც, ამ სატრანსპორტო საშუალებას რეალურად მნიშვნელოვანი და საჭირო გამოყენება ექნება. ARRES-ზე „ლივერპულის უნივერსიტეტის“ მკვლევრებმა ტექნიკურ კომპანია Robotiz3d-თან თანამშრომლობით იმუშავეს. ARRES-ი აღჭურვილია კამერებით, სენსორებითა და მრავალი ტიპის უახლესი ტექნოლოგიით, რომელიც მას დამოუკიდებელ მუშაობასა და ტრასაზე ორმოების ამოვსებაში ეხმარება.
„ჩვენ ერთგულები ვართ ჩვენი მისიის, შევქმნათ ბევრად უსაფრთხო და მდგრადი საგზაო ინფრასტრუქტურა, ხელოვნური ინტელექტისა და ავტონომიური მართვის სისტემების გამოყენებით“, - განაცხადა Robotiz3d-ის თანადამფუძნებელმა და ტექნიკურმა დირექტორმა სებასტიანო ფიჩერამ.
ARRES-ის მართვა დისტანციურად, ადამიანის მიერაც შესაძლებელია, თუმცა, პროექტის მთავარი მიზანი ისეთი „დანადგარის“ შექმნაა, რომელიც ავტონომიურ მართვის რეჟიმზე 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.
Hertfordshire County Council-ის ინფორმაციით, პროექტი 2020 წლიდან დამუშავების პროცესშია, რეალურ სამყაროში მისი გამოცდა კი ახლახან დაიწყეს. კონკრეტული დეტალები ARRES-ის მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ცნობილი არ გამხდარა, თუმცა, სავარაუდოდ ბევრ საკითხს ნათელს სწორედ პრაქტიკული ტესტირების შედეგები მოჰფენს. სამომავლოდ, უფრო მასშტაბური სამუშაოებისთვის, დიდი ზომის ARRES-ის შექმნაც იგეგმება.