Audi-მ BMW დაამხო - ახალმა RS3-მა BMW M2-ს Nurburgring-ზე 5 წამი მოუგო
ახალმა RS3-მა Nurburgring-ის წრე 7 წუთსა და 33 წამში დაფარა.
Audi-მ 2025 წლის RS3 გამოუშვა და მისი „რეკლამირება“ საუკეთესო მიმართულებით გადაწყვიტა: მანქანამ რეკორდი Nurburgring-ზე დაამყარა. Audi Sport-ის მრბოლელმა და გამომცდელმა პილოტმა, ფრანკ სტიპლერმა, „მწვანე ჯოჯოხეთში“ კომპაქტური კლასის რეკორდი მოხსნა. უახლესმა RS3-მა წრე 7 წუთა და 33 წამში დაფარა. ეს დრო, BMW M2-თან შედარებით, 5 წამით არის გაუმჯობესებული.
სტიპლერი Audi RS3-ის წარმოებამდე აწყობილ მოდელს უწევდა პილოტირებას. მანქანა 2.5-ლიტრიანი ტურბინიანი 5-ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი. ეს თითქმის იგივე ძრავაა, რაც წარმავალ მოდელს აქვს. აგრეგატის გიჟური სპორტული ჟღერადობა, ცილინდრების 1-2-4-5-3 მიმდევრობით აფეთქების შედეგად, ისევ გვაქვს. მოდელი 395 ცხენის ძალასა და 500 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.
ახალმა RS3-მა წინამორბედის მონაცემი 7 წამით გააუმჯობესა, ხოლო Honda Civic Type R-ი 11 წამით ჩამოიტოვა უკან. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ Type R-ი წინა წამყვანია და ამ ლიგაში ის დაუმარცხებელია. RS3 კი სრულად ამძრავია.
აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ 2025 წლის RS3-მა წრე Pirelli P Zero Trofeo R ნახევრად „სლიკი“ საბურავებით დაფარა. BMW M2-მა კი 20.7-კილომეტრიანი წრე 7 წუთსა და 38 წამში Michelin Pilot Sport Cup 2-ით დაფარა. Trofeo R-ი კი მნიშვნელოვნად ჯობნის Cup 2-ს.
Audi-ში აცხადებენ, რომ ახალი რეკორდის დამყარება „მოხვევის ოპტიმიზებული ქცევით“ იქნა მიღწეული. მისი დახმარებით, მანქანა მოსახვევებში უფრო თავისუფლად შედის. ასევე, მნიშვნელოვანია ახალი სამუხრუჭო სისტემის წვლილიც. ამ ორი კომპონენტის გაუმჯობესების წყალობით, საჭის ნაკლების მოძრაობით კუთხის აპექსის დაჭერა ადვილდება. ეს ნაკლებ ცვეთას, მეტ სიჩქარეს და აქსელერატორის სატერფულის უფრო ადრე გახსნას განაპირობებს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის RS3 ძველი მოდელის განახლებული ვერსია უფროა, ვიდრე სრულად ახალი მოდელი. უახლეს ტექნოლოგიებთან ერთად, განსხვავებული იქნება ექსტერიერისა და ინტერიერის გარკვეული დეტალებიც.
ელოდებოდით Audi-სგან ასეთ შედეგს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.