როგორ ჩატენა BMW-მ პაწაწინა Z3-ში 12-ცილინდრიანი ძრავა
ისეთი სწრაფი არ იყო, როგორც ფიქრობთ, მაგრამ მაინც დასაფასებელია, რომ BMW-მ ის შექმნა.
მიუნხენში BMW-ს კლასიკური ავტომობილების ფარეხი უამრავ საიდუმლო და კონცეპტუალურ მოდელს ინახავს. იქ ისეთ მანქანებს შეხვდებით, როგორც E31 BMW M8, V16-იანი მეშვიდე სერია და ეს V12-ძრავიანი Z3-ია. ამ განსაკუთრებულ მოდელებზე წვდომა BMW-მ BMWBlog-ს მისცა.
Z3 ნანახი გექნებათ. ის ძალზედ პატარა ზომისაა. ალბათ, ზოგს Z3-ზე დიდი ფეხსაცმელიც აცვია. და მაინც, 1999 წელს BMW-ს ინჟინრებმა გადაწყვიტეს, რომ მისი ძრავის განყოფილებაში 12-ცილინდრიანი ძრავა ჩაეტენათ. BMW-მ ყველაზე პატარა ზომის მანქანაში ყველაზე დიდი ძრავის ჩადგმაც არ იკმარა და მანქანა 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფითაც აღჭურვა. ასე ძალოვანი აგრეგატი კიდევ უფრო დაგრძელდა.
შედეგი... როგორ გითხრათ... არც ისე ბრწყინვალე იყო. 1999 წელს BMW-ს 5.4-ლიტრიანი V12 (სახელად M73) უკვე მოძველებული იყო. მისი დებიუტი 1993 წელს შედგა და ისეთ მდიდრული კლასის მოდელებში გამოიყენებოდა, როგორც მერვე და მეშვიდე სერიები იყო. აგრეგატი 326 ცხენის ძალასა და 489 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. თუმცა, როდესაც ევროპული Z3 ქარხნულად 321-ცხენისძალიანი ერთრიგა 6-ცილინდრიანით გამოდიოდა, იქ V12-ით 5-ცხენისძალიანი სხვაობა არც ისე შთამბეჭდავი იყო. თანაც ავტომობილის „ცხვირში“ წონის გაზრდა ცუდი იდეაა. ასე მანქანა უფრო უმართავი ხდება. მიუხედავად ყველაფრისა, 12-ცილინდრიანი ძრავით ეს პატარა მონსტრი 100 კმ/სთ-ს 5.5 ავითარებდა.
რატომ არის V12-ის ჩადგმა Z3-ში ასეთი გასაკვირი და აღნიშვნის ღირსი? პირველ რიგში იმიტომ, რომ ინჟინრულად ამ პროექტს ბევრი გამოწვევა ახლავს თან. V12-ის ასეთ პატარა ადგილში განთავსება რთულია. თუ ახდილი კაპოტის სურათს შეხედავთ, ნახავთ, რომ ძრავის გვერდებში, ძარასთან მიმართებით, ადგილი თითქმის არ არის დარჩენილი. არასაკმარისი ადგილის გამო, ძრავა ე.წ. კონუსური ჰაერის ფილტრებით სუნთქავს. მათი ბუდეებით კი აღჭურვა კი ვერ მოხერხდა. ცალკე საკითხია ამხელა ძრავის გაგრილება და მისი სიმხურვალის კაბინისგან გამიჯვნა.
გამომდინარე იქიდან, რომ მანქანა M Division-ის მიერ იყო აწყობილი BMW Z3 V12 სტანდარტული Z3 M-ის ინტერიერით და ექსტერიერით არის წარმოდგენილი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მანქანა M-ის წარწერებს არ ატარებს. ალბათ იმიტომ, რომ მის წარმოებაში ჩაშვებას არ აპირებდნენ. თუმცა, აღსანიშნავია მანქანის ფერი, რომელზეც M-მა სპეციალურად იმუშავა. სამწუხაროდ, ამ საღებავის სახელი არ არის ცნობილი.
რატომ გადაწყვიტა BMW-მ ინჟინრულად ასეთი პროექტის წამოწყება, თანაც მაშინ, როდესაც მის გამოშვებას არც კი აპირებდა? მხოლოდ იმიტომ, რომ გერმანულ საავტომობილო ჟურნალ Auto Zeitung-ს, მწარმოებელთან კოლაბორაციით, ამ მანქანის შექმნა სურდა. BMW 80-იან და 90-იან წლებში მართლაც განსხვავებული ბრენდი იყო. ნეტა, ბავარიელებს ასეთი პიონერული სული დღესაც ჰქონდეთ...