Aa Aa
12 ივლისი 2024  |  16:07

Audi: 16-ცილინდრიანი „სუპერქარი“ 1930-იანებიდან

Auto Union Type 52 პლანეტაზე უსწრაფეს მანქანად იყო ჩაფიქრებული, თუმცა Audi-მ მისი წარმოების გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა მიიღო.

უცნაური ძველი კლასიკური მანქანები ყველა ავტოენთუზიასტს უყვარს. ზუსტად ასეთია Audi-ს ახალი, თუმცა რეალურად ძალიან ძველი მოდელი - Auto Union-ი, რომელიც ერთ დროს პლანეტაზე უსწრაფეს მანქანად იყო ჩაფიქრებული. 1930-იან წლებში დაბადებული იდეით, ავტომობილს 16-ცილინდრიანი ძრავა უნდა ჰქონოდა, რომელიც 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და საათში 200 კმ/სთ-ზე მეტს განავითარებდა.

მსგავსი „შთამბეჭდავი“ გეგმის მიუხედავად მაშინ იდეა იდეად დარჩა, გერმანულმა მარკამ კი მანქანის წარმოების გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა მიიღო. Auto Union Type 52-ის პროექტი 1935 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე გაუქმდა თუმცა წელს, Goodwood Festival of Speed-ისთვის „გაცოცხლდება“.

სულ არაფრიდან Auto Union Type 52-ს განახლება Audi-მ ისტორიული სარბოლო მანქანების მწარმოებელ კომპანია Crosthwaite & Gardner-ს ანდო. ორიგინალი ესკიზებისა და ჩანახატების გამოყენებით ყველაფერი - შასით დაწყებული კორპუსით დასრულებული - უნიკალურია და შეკვეთით, კონკრეტულად ამ მოდელისთვის დამზადდა. პროექტზე მუშაობა Crosthwaite & Gardner-მა 2023 წელს დაიწყო და მის დასრულებას ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდა.

კაპოტქვეშ 16-ცილინდრიანი ძრავაა მოთავსებული, ზუსტად ისეთი, როგორიც მანქანის ორიგინალ ვერსიას ჰქონდა. თუმცა ამ კონკრეტულ მოდელს, რომელიც 2024 წლის Goodwood Festival of Speed-ზე იქნება წარმოდგენილი, ორიგინალი, 4.4-ლიტრიანი ძრავის ნაცვლად 6-ლიტრიანი ძრავა ექნება, სიმძლავრე კი 200 ცხენის ძალიდან 521 ცხენის ძალამდე გაიზრდება.

ახალი ძრავისთვის მწარმოებელს მანქანის ზომებში გაზრდაც მოუწია. გაზრდილია მანქანის წონაც - 1300-დან 1500 კილოგრამამდე. ექსტერიერთან ერთად, Audi-მ მანქანის ინტერიერისთვის რეტრო სახის შენარჩუნებაზეც იზრუნა და ეს „ძველი სქულის“ სავარძლებითა და ხის პანელებით მოახერხა.

გაზიარება: