ელექტრო EVO 8 ნამდვილად არსებობს
ელექტრო ავტომობილები ყოველდღე იხვეწება და ეს ამბავი თანამედროვე ავტოწარმოებაში სიახლე აღარ არის. დღეს ავტომობილების ელექტრიფიცირება ძალიან პოპულარულია, იმდენადაც კი, რომ ავტოსპორტის არც თუ პატარა ნაწილი ელექტრო გახდა. ავტოსპორტი უმიზეზოდ არ გვიხსენებია. ეს მოდელი ბევრმა არ იცის, თუმცა ის დანამდვილებით არსებობს და მას Mitsubishi Lancer EVO 8 Miev-ი ჰქვია! დიახ არ მოგჩვენებიათ! „ელექტრო ევო“ ნამდვილად არსებობს.
EVO-ს ელექტრო ვერსია პირველად 2005 წელს გამოჩნდა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ თითქმის 20 წლის შემდეგ მშვიდად ვუყურებდით მსოფლიო „რალიკროსის“ ჩემპიონატს, სადაც ელექტრო ბოლიდები მიიღებდნენ მონაწილეობას. მშვიდად პირდაპირი გაგებით რა თქმა უნდა!
ელექტრო ევოს რაც შეეხება, იგი ექსპერიმენტალური მოდელი იყო. მას ოთხივე ბორბალზე, კონკრეტულად კი მორგვებზე თითო ელექტრო ძრავა ჰქონდა დამონტაჟებული. ავტომობილს ორი ინვერტორი გააჩნდა, ერთი კაპოტქვეშ იყო განთავსებული და წინა ორი ელექტრო აგრეგატის წარმადობას უზრუნველყოფდა, ხოლო მეორე საბარგულში იყო განთავსებული და უკანა ორი ელექტრო ძრავის მუშაობას განაპირობებდა. თითოეული ძრავა 67 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, რაც საბოლოოდ 268 ცხენის ძალას უტოლდებოდა. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ როგორც წესი ელექტრო ძრავებს საკმაოდ დიდი ნიუტონების გამომუშავება შეუძლია. ეს მაჩვენებელი ელექტრო ევოსაც უხვად ჰქონდა და 518 ნიუტონს შეადგენდა.
Mitsubishi ცდილობდა, რომ ავტომობილის ელექტრიფიცირების გამო საერთო წონა არ გაზრდილიყო, თუმცა ევოს წონა 170 კილოგრამით მაინც გაიზარდა. EVO MIEV-ი 100-მდე 7 წამში ჩქარდებოდა და მისი მაქსიმალური სიჩქარე 185 კმ/სთ-ს აღწევდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ავტომობილი 20-იანი საბურავებით იყო აღჭურვილი და უკანა ფრთა პირდაპირ რალის EVO 8-დან ჰქონდათ აღებული.