Aa Aa
13 ივლისი 2024  |  17:13

Goodwood-ის პირველი მსხვერპლი: Lotus Evija X

Lotus-ის რეკორდსმენმა Evija-მ პირველ მოსახვევსაც ვერ მიაღწია და თივის ბარიერში შევარდა.

2024 წლის Goodwood Festival of Speed-ს პირველი მსხვერპლი უკვე ჰყავს. Lotus Evija X სასტარტო ხაზთანვე დაიმტვრა - მანქანამ პირველ მოსახვევსაც ვერ მიაღწია ისე შევარდა პირდაპირ თივის ბარიერში. მანქანის წინა ნაწილი თითქმის სრულად განადგურდა, თუმცა საბედნიეროდ, მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა მარტივად მოახერხა.

მაღალი წარმადობის ავტომობილების დამტვრევა Goodwood Festival of Speed-ზე უჩვეულო შემთხვევა ნამდვილად არაა, მაგრამ ეს ინციდენტი თავისებურად სპეციფიკურია. ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, რომ Lotus Evija სულ რამდენიმე წამის დაძრული იყო, როდესაც თივის ზვინს შეასკდა. ნაკლებად უჩვეულო იქნებოდა ეს Molecomb-ის მოსახვევში რომ მომხდარიყო, რადგან ტრასის ეს მონაკვეთი პროფესიონალი მძღოლებისთვისაც კი რთულად გასამკლავებელია.

Lotus-ს შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია რეალურად რამ გამოიწვია ავარია. თვითმხილველები მომხდარის მთავარ მიზეზად მანქანის სიჩქარეს ასახელებენ. Lotus Evija X-ს 4 ელექტრო ძრავა ჯამში 2011 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ისაა, რომ Evija X-ი ერთი გამოშვების „სუპერქარია“, ასე რომ Lotus-ს შესაძლოა მეორე ვერსია არ ჰყავდეს და ახლის შექმნა მოუწიოს. თუმცა, შესაძლოა ავტომწარმოებელმა უბრალოდ მანქანის შეკეთებაც გადაწყვიტოს, ეს ყველაფერი დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული.

Goodwood-ის ინციდენტამდე Evija X-მ ახალი რეკორდიც დაამყარა და Nordschleife-ზე - სერიული ავტომობილის ბაზაზე შექმნილი -  ყველაზე სწრაფი მანქანაც გახდა. Evija X-მ ტრასა მხოლოდ 6 წუთსა და 24 წამში დაფარა და Nordschleife-ის მესამე ყველაზე სწრაფი მანქანის სტატუსიც მოიპოვა, Porsche 919 Hybrid Evo-სა და Volkswagen ID.R-ის შემდეგ.

 

 

გაზიარება: