BMW, M2
Aa
Aa

ამ BMW M2-ს M8-ზე მეტი ცხენის ძალა აქვს

Dahler-ი M2-ს გაუმჯობესებული დაკიდების სისტემითაც უშვებს.

მეორე თაობის BMW M2-ის ვიზუალზე ბევრი განსხვავებული აზრი არსებობს. ნაწილი მიიჩნევს, რომ მანქანა მოუქნელად და უპროპორციოდ გამოიყურება. ნაწილს კი ჰგონია, რომ მოდელი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქმნილებაა მწარმოებლის ახალ დიზაინერულ ენაში. თუმცა, ერთია როგორ გამოიყურება მანქანა, ხოლო მეორე როგორი სამართავია ის. ამ მხრივ M2-ით ყველა კმაყოფილია. გერმანულმა ტუნინგ ატელიე Dahler-მა კი მანქანის წარმადობა კიდევ უფრო გააუმჯობესა.

ამ მანქანის გამოსვლიდან მალევე Dahler-მა მისთვის Stage 1-ის გაუმჯობესება შექმნა. ახლა კი სურათებზე Stage 2-ს ხედავთ, რომელიც სტანდარტული მოდელისდან სიმძლავრეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. მეტიც, ახლა ეს M2 ხელს თავისუფლად გადაუწევს თავის უფროს ძმებს, M3-ს და M8-საც კი. ვის არ უნდა მოსწონდეს კომპაქტური კლასის უკანა წამყვანი მძლავრი ავტომობილი? 



Stage 2-ის მოდიფიცირება კომპანიამ Eventuri-ის კარბონის შემშვები სისტემითა და გამშვები სისტემით დაიწყო. ასევე, შეცვლილია ძრავის კომპიუტერის პროგრამაც. კომპანია ძრავის შიდა დეტალების გაუმჯობესებაზე ინფორმაციას არ ავრცელებს. არც ტურბინებზე ვიცით რამე.

Dahler-ი გვარწმუნებს, რომ Stage 2 ვერსია 8-სიჩქარიანი ავტომატური და 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. ორივე ვერსიაში მოდელი 621 ცხენის ძალასა და 750 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. 



ნებისმიერ მანქანას, რომელსაც სიმძლავრეს მნიშვნელოვნად ვუზრდით, დაკიდების სისტემისა და მუხრუჭების გაუმჯობესებაც სჭირდება. Dahler Stage 2 M2 ამ დეტალებითაც არის აღჭურვილი. მანქანის ოთხივე კუთხეში სრულად რეგულირებადი დაკიდების სისტემა გვაქვს. ასევე, გაუმჯობესებულია სამუხრუჭე სისტემაც.

დამატებითი დეტალები გვაქვს ექსტერიერზეც. მანქანას წინ კარბონის სპეციალური „ტუჩი“ აქვს. განახლებული დიზაინი აქვს სარკეებს. უკან პასიური ფრთა და ახალი დიფუზორიცაა დამატებული.

როგორ ფიქრობთ, ბევრია თუ არა M2-ისთვის 621 ცხენის ძალადა 750 ნიუტონ მეტრი? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

მსგავსი სიახლეები