ეს Ford GT 15 წლის შემდეგ პირველად დაქოქეს
5.4-ლიტრიანი კომპრესორიანი V8 ძრავას ცუდი ხმა აქვს. მანქანას სერიოზული ყურადღება სჭირდება.
Ford-მა ორწლიანი წარმოების განმავლობაში სულ Ford GT-ის 4 038 ეგზემპლარი შექმნა. ეს არის ავტომობილი, რომელზეც ბევრი მოყვარული მისი გამოსვლის პირველი დღიდან ოცნებობს. წარმოების ასეთი მცირე მასშტაბის გამო რთული სანახავია მისი ისეთ მდგომარეობაში ხილვა, როგორიც სურათზე ნაჩვენები ეგზემპლარია. YouTube არხმა VINWiki-მ ეს მიტოვებული GT თავისივე ფარეხში მოინახულა, სადაც ის გაუნძრევლად 15 წლის განმავლობაში იდგა.
მიუხედავად იმისა, რომ მანქანა მთლიანად მტვრითაა დაფარული, მისი სიამაყე - 5.4-ლიტრიანი ძრავა მაინც მუშაობს. შესაბამისად, მანქანას საკუთარი ძალებით გადაადგილება შეუძლია. თუმცა, ცუდი ისაა, რომ ძრავა არც ისე საამაყო ხმებს გამოსცემს. მაყუჩებიდან გამომავალი ხმა არათანაბარია და მომენტებში თითქოს იგუდება კიდეც. ამდენი წლის განმავლობაში უმოძრაოდ დგომის შემდეგ ბუნებრივია, რომ რაღაცებს ხელის შევლება სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ Ford GT ქარხნულად 550 ცხენის ძალასა და 677 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. გამოსვლისას, 2005 წელს მანქანა 100 კმ/სთ-ს 3 წამში ავითარებდა. Ford-მა გიჟური აგრეგატი 6-სიჩქარიან მექანიკურ კოლოფთან დააწყვილა, რომელიც სიმძლავრეს უკანა საბურავებზე ანაწილებდა. შედეგად, მანქანა Ferrari-ისა და Porsche-ს მოდელების გვერდით ადგილს ღირსეულად იკავებდა.
მოყვარულებს გეტყვით, რომ ამ GT-ის უშველიან და ის ახალ ცხოვრებას დაიწყებს. მას სრული რესტავრაცია ჩაუტარდება, რაც ძალოვან აგრეგატზეც გავრცელდება. განახლდება სალონიც. საბოლოოდ კი ეს ლეგენდარული ამერიკული სუპერ ავტომობილი ძველ დიდებას დაიბრუნებს.