Aa Aa
21 ივლისი 2024  |  14:33

შეხსენება: უსაფრთხოების დროშების უგულებელყოფა საშიში „დანაშაულია“

ავტოსპორტში წამებია საჭირო იმ გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელთა გავლენითაც კონკრეტული შემთხვევა შესაძლოა დიდი წარმატებით, ან პირიქით - კატასტროფით დასრულდეს. Circuit de Spa-Francorchamps-ზე მომხდარი ბოლო შემთხვევაც სწორედ ამ ფაქტის შეხსენებაა. ავტოსპორტში უსაფრთხოების პროტოკოლის დაცვა კრიტიკული მნიშვნელობისაა, რაშიც ეს ინციდენტიც გვარწმუნებს.

გასულ კვირას, Crowdstrike 24 Hours of Spa-ს გამძლეობის რბოლა საზარელი ავარიით დასრულდა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზის დამსახურებაა: მძღოლებმა ორმაგ ყვითელ დროშებს ყურადღება არ მიაქციეს, მაღალი სიჩქარით რბოლა განაგრძეს და შედეგად, საშინელი ავარიაც გამოიწვიეს.

რბოლისას გადაღებულ კადრებშიც კარგად ჩანს, თუ როგორ ეჯახება კრისტიან ჰუკის Ferrari 296 GT3 ნიკოლას ბაერტის Aston Martin Vantage AMR GT3 EVO-ს, რის შემდეგაც ბაერტი მინდორზე გადასვლას ახერხებს, თუმცა ჰუკი, სახიფათოდ, ტრასის ცენტრში რჩება. Ferrari ადგილიდან არ იძვრის, რის გამოც პერსონალი, დაუყოვნებლივ, უსაფრთხოების დროშების გამოფენის გადაწყვეტილებას იღებს. დროშების გარდა, ინციდენტის შემდეგ, სიფრთხილის სიგნალები გამოჩნდა ციფრულ დისპლეიზე, რომლებიც მძღოლებს სიჩქარის შენელებისა და გასწრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა.

თუმცა, მიუხედავად გაფრთხილებისა, მძღოლების ნაწილმა ტრასაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობა განაგრძო, ნაწილმა შუაში გაჩერებული Ferrari-სთვის გვერდის ავლაც შეძლო, თუმცა, იგივე ვერ მოახერხა Porsche 911 GT3 R-ის მძღოლმა ადრიან დი'სილვამ, რომელიც პირდაპირ ჰუკის ავტომობილის შეასკდა. შეჯახების შედეგად Ferrari-ის უკანა მხარეს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა, საბედნიეროდ, მძღოლმა მანქანიდან ამოსვლა თითქმის სრულად უვნებლად შეძლო.

ამ შემზარავი მოვლენის შემდეგ მკაცრი ჯარიმების დაწესების მოთხოვნით ახალი მოწოდებებიც გაჩნდა. ინიციატორების განცხადებით, აუცილებელია დაწესდეს მკაცრი რეგულაციები იმ მძღოლებზე, რომლებიც რბოლისას უსაფრთხოების პროტოკოლით განსაზღვრულ წესებს დაარღვევენ. თავად ავტოსპორტის საზოგადოების განცხადებით კი, უსაფრთხოება ყოველთვის უფრო მნიშვნელოვან პრიორიტეტად უნდა დარჩეს, ვიდრე გამარჯვება, რათა სამომავლოდ მსგავსი და უფრო ტრაგიკული მოვლენები აღარ გამეორდეს.

 

 

 

გაზიარება: