Aa Aa
17 ივლისი 2024  |  15:00

Top Gear-ის ლეგენდარული ტრიო დაიშალა

20-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, Top Gear-ისა და Grand Tour-ის ლეგენდარული ტრიო დაიშალა.

ცნობილი თანაწამყვანებით The Grand Tour-ის დასრულების შესახებ გავრცელებული ხმები ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა. ლეგენდარული ტრიო - ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი - ორი ათწლეულის შემდეგ სატელევიზიო პარტნიორობას წყვეტენ. დიდი ალბათობით დაიხურება მათი პროდიუსერული კომპანია W. Chump and Sons-იც.

Top Gear-ისა და Grand Tour-ის სამეული თანამშრომლობას 21 წლის შემდეგ დაასრულებს. „ზიმბაბვეს“ ეპიზოდი, სატელევიზიო სივრცეში მათი უკანასკნელი, ერთობლივი გამოჩენა იქნება. კლარკსონს, ჰამონდსა და მეის შორის პარტნიორობის შეწყვეტაზე პირველად ცნობები გასული წლის დეკემბერში გავრცელდა. ჰამონდმა მიმდინარე წლის დასაწყისში კი თავადაც დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება უკვე დიდი ხნის მიღებული ჰქონდათ, უბრალოდ ამისთვის საუკეთესო დროს ელოდნენ.  

კლარკსონი და ჰამონდი Top Gear-ის თანაწამყვანები 2002 წლიდან არიან, ორი სეზონის შემდეგ კი მათ ჯეიმს მეიც შეუერთდა. Top Gear-ი ბრიტანული ტელევიზია BBC-ზე 13 წლის განმავლობაში გადიოდა, რის შემდეგაც სამეულმა ახალი გადაცემა - The Grand Tour-ი დაიწყო და 2016 წელს Prime Video-ზე გადაინაცვლა.

სავარაუდოდ, კლარკსონი Prime Video-ზე საკუთარ სატელევიზიო შოუს, Clarkson's Farm-ს განაგრძობს, ხოლო ჰამონდსა და მეის საკუთარი სპინოფი ექნებათ. მეიმ, Prime Video-სთვის რამდენიმე სათავგადასავლო და კულინარიული ეპიზოდი უკვე გადაიღო, რაც შეეხება ჰამონდს, ის პლატფორმაზე 2021 წელს The Great Escapists-ს უძღვებოდა, რაც ასევე შეიძლება სამომავლოდ გაგრძელდეს.

ამ ეტაპზე უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს Prime Video გადაცემასთან დაკავშირებით. The Grand Tour-ი ან სამუდამოდ დაიხურება, ან პლატფორმა ახალ სეზონს ახალ თანაწამყვანებთან ერთად დაიწყებს.  

გაზიარება: