Aa Aa
17 ივლისი 2024  |  18:32

ეს Toyota Supra ახალი Ferrari-ის ფასად გაიყიდება

30 წლის Toyota-ს სანაცვლოდ გიჟური თანხების გადახდის ტრენდი გრძელდება - 1995 წლის იდეალურ მოდელში ვიღაც 150 000$-ს იხდის.

აბა ამას შეხედეთ. სურათებზე მორიგი დაბალგარბენიანი, სრულად ქარხნული MK4 Toyota Supra არ გეგონოთ. ვიღაცამ ამ მანქანაში 150 000$ გადაიხადა. ცნობისთვის, ამ თანხის სანაცვლოდ ახალი Porsche 911 Turbo-ს შეძენა თავისუფლადაა შესაძლებელი. მაგრამ არა - 30 წლის მანქანა უახლეს „სუპერქარზე“ მეტად ფასდება. თანაც, ეს „სუპრა“ წუნადაუდებელ მდგომარეობაშიც არაა.

რით დაატყვევა მეოთხე თაობის „სუპრამ“ ყველა და რატომ იყო თავის თაობებში ის ყველაზე გამორჩეული? მხოლოდ სტილი? 2JZ ძრავა? მძღოლისკენ შეტრიალებული კოკპიტი? 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფი? იქნებ Fast and Furious-ის ფაქტორი? ალბათ, ამ ყველაფრის ჯამი. ფაქტია, რომ ამ მანქანაზე ჭკუას კარგავენ. 



ეს მანქანა ვიღაცამ აშშ-ში შეიძინა. შტატებში A80 „სუპრა“ 1993-98 წლებში იწარმოებოდა. ამ პერიოდში სულ 12 000 ეგზემპლარი შეიქმნა. ატმოსფერული ძრავის მქონე ეგზემპლარების საშუალო ფასი, კარგ მდგომარეობაში, 45 000$-ს აღწევს. ტურბინის ფაქტორი საშუალო ფასს 30 000$-ით აძვირებს. თანაც გაითვალისწინეთ, საუბარი კარგი მდგომარეობის მქონე Supra-ს მოდელებზე გვაქვს.




სურათზე ნაჩვენები ავტომობილი კი არც ისე კარგ მდგომარეობაშია. სამწუხაროდ, „ცხოვრების“ დიდი ნაწილი მას მაღალტენიან შტატში აქვს გატარებული, რის გამოც ძარაზე დიდი რაოდენობით ჟანგები აღენიშნება. ასევე, პანელებზე გვაქვს ნაჩხაპნები და დეფექტები. თუ ე.წ. „ქარფაქსშიც“ ჩავიხედებით, ვნახავთ, რომ მანქანას წარსულში წინ და უკან დაბალი ხარისხის დაზიანება აქვს მიღებული.

ამ ფაქტორების გამო სურათზე ნაჩვენები Supra-ს სანაცვლოდ 150 000$-ის დათმობა უბრალოდ სიგიჟეა. 12-მა ადამიანმა აუქციონზე მის ხელში ჩასაგდებად ნამდვილი ომიც გააჩაღა.

გაზიარება: