Red Bull, Lanzante, ედრიან ნიუი, RB17, Red Bull RB17, Porsche 935
Aa
Aa

Red Bull RB17: „ჰიპერქარი“, რომლის ქუჩაში გადაადგილებაც ლეგალურია

Lanzante ედრიან ნიუის RB17-ს ქუჩაში გადაადგილებისთვის ლეგალურ „ჰიპერქარად“ აქცევს.

გამოჩენის პირველივე დღიდან Red Bull RB17 ბევრი ავტოენთუზიასტისთვის საოცნებო ავტომობილად იქცა. ამის მიუხედავად ედრიან ნიუის „ჰიპერქარის“ ხელში ჩაგდება მარტივი საქმე ნამდვილად არასდროს ყოფილა. ერთია, რომ $6.5 მილიონად შეფასებული მანქანის ყველა ეგზემპლარი უკვე გაიყიდა და მეორე არანაკლებ დიდი გამოწვევა ისაა, რომ  RB17-ით ამ დრომდე ქუჩაში გადაადგილება დაშვებული არ ყოფილა.

კანონები არ შეცვლილა, თუმცა ამ ბოლო „პრობლემის“ გამოსწორება Lanzante-მ გადაწყვიტა და ქუჩებისთვის ლეგალურ RB17-ის პროექტზე დაიწყო მუშაობა. ასე რომ, კომპანია RB17-ის მფლობელებს - და ასეთი მხოლოდ 50-ია - ახალ გამოსავალს შესთავაზებს და დამატებითი საფასურის სანაცვლოდ, მათ „ჰიპერქარებთან“ ერთად ახალ გზებს გაუხსნის.

ქუჩაში გადასაადგილებლად ლეგალური Red Bull-ის „ჰიპერქარი“ Cosworth-ის ძრავით იქნება აღჭურვილი. უფრო მეტიც, ბრიტანული კომპანია RB17-ს სანომრე ნიშნებსაც მისცემს. Lanzante-ს წარმომადგენლების განცხადებით, Red Bull-ის „ჰიპერქარის“ მომავალმა მფლობელებმა უკვე გამოთქვეს ინტერესი გადაიხადონ მეტი და სანაცვლოდ, RB17-ის მართვა უკვე ქუჩებშიც განაგრძონ. თუმცა, ეს იაფიც არ დაჯდება: მსურველებს $650,000-ის დამატება მოუწევთ, რაც მანქანის თავდაპირველი ფასის დაახლოებით 10%-ია.

ინჟინრები ყველაფერს აკეთებენ, რათა ახალი RB17 მაქსიმალურად მიახლოებული იყოს მის ორიგინალ ვერსიასთან. თუმცა „ჰიპერქარის“ აეროდინამიკის გათვალისწინებით, მისი საგზაო მანქანად გადაქცევა მარტივი საქმე არ იქნება. Red Bull-ის ავტომობილი 4.5-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი და 1,200 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ია. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, გზებთან შესაბამისობის მისაღწევად, ინჟინრებს დიდი მუშაობა მოუწევთ, სავარაუდოდ გაიზრდება ავტომობილის წონაც.

Porsche 935-ის ქუჩაში გადასაადგილებლად ლეგალურ ავტომობილად გადაქცევისთვის Lanzante-ს 18 თვე დასჭირდა. ამ დროისთვის უცნობია, თუ როდისთვის იქნება ხელმისაწვდომი RB17-ის განახლებული ვერსია, მის სტანდარტულ მოდელებს კი ბაზარზე 2025 წლიდან უნდა ველოდოთ.

 

მსგავსი სიახლეები