არასტანდარტული რალის ლეგენდა
Cabriolet-ები და Roadster-ები ყოველთვის დიდი დაინტერესებით სარგებლობდნენ. არაფერი სჯობს ზაფხულის ცხელ საღამოს ღია სახურავით გასეირნებას. ძარის ეს ტიპი ავტომოყვარულების ინდივიდუალურობას და გემოვნებას ყოველთვის ხაზს უსვამდა. ამ ყველაფრის მიუხედავად ისეთი მოდელებიც არსებობდა, რომლებზეც ღია სახურავის წარმოდგენა ცოტა უჩვეულო იყო. მაგალითისთვის: Mercedes-ისგან ნებისმიერი „კაბრიო“ არავის უკვირს, მაგრამ როცა საქმე Audi Quattro-სთან გვაქვს, მაშინ რალის ლეგენდაზე ღია სახურავის წარმოდგენა ცოტა უჩვეულოა. გიჟურ 80-იან წლებს სწორედ ეს ნიშა ჰქონდა და Treser-ის მიერ დამზადებული Audi Quattro ამის ნათელი მაგალითია.
ვოლტერ თრეზერი Audi Sport-ის სპორტული განყოფილების ხელმძღვანელი იყო, როდესაც კომპანიამ ლეგენდარული Quattro გამოუშვა. ეს მოვლენა 1980 წელს მოხდა, თუმცა 3 წლის შემდეგ ვოლტერმა დაკავებული თანამდებობა დატოვა და საკუთარი ტუნინგ კომპანია ჩამოაყალიბა. აღნიშნული კომპანია Volkswagen-ის და Audi-ს მოდელების „გაკაბრიოლეტებით“ იყო დაკავებული.
1983 წელს მსოფლიომ პირველი Treser Audi Quattro იხილა. სტანდარტული მოდელისგან განსხვავებით, 200 ცხენის ძალის მაგივრად 250 ჰქონდა. კომპანიამ ძარა ორმაგად გააძლიერა, რადგან მოგეხსენაბათ, რომ „როუდსტერი“ სახურავის არქონის გამო სიხისტეს კარგავს და ძარის საყრდენების გაძლიერებას საჭიროებს.
პირველი გამოშვების მოდელებს სახურავი მექანიკური ჰქონდათ, ხოლო მომდევნო წლებში გამოშვებულ მოდელებს ავტომატური. იმის გამო, რომ გაბარიტული სახურავი საბარგულში უნდა დამალულიყო, კომპანიის ინჟინრებს უკანა სავარძლის დაპატარავება იმ დონეზე მოუწიათ, რომ მასზე მხოლოდ პატარა ხელჩანთას თუ მოათავსებდით. თუმცა ისეთ ეგზოტიკურ მანქანაზე, როგორიც Treser-ის Audi Quattro იყო, ეს პრობლემა არავის აწუხებდა.