Aston Martin, Valiant
Aa
Aa

ნამდვილი მხეცი - ტრეკისთვის შექმნილი Aston Martin-ი მექანიკური კოლოფით

Aston Martin-მა Valour-ის ყველა ის მოდიფიკაცია ჩაუტარა, რაც ტრეკის დასაპყრობად სჭირდებოდა.

Aston Martin-მა მსოფლიოს ქუჩებისთვის ახალი ლეგალური ტრეკის ავტომობილი აჩუქა. გაიცანით, ეს Valiant-ია. ის კომპანიის უახლეს კუპეზე - Valour-ზეა დაფუძნებული. მანქანაში ყველაფერი ისეა, როგორც ამ კომპანიისგან ველოდებით. მოდელს კაპოტის ქვეშ მძლავრი, ორტურბინიანი V12 აქვს განთავსებული, რომელიც 730 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. საუკეთესო ნაწილი კი ისაა, რომ 12-ცილინდრიანი მონსტრი 6-სიჩქარიან მექანიკურ კოლოფთანაა დაწყვილებული.

და მაინც, რა არის Aston Martin Valiant-ი? მარტივად რომ ვთქვათ, ის Porsche 911-ის GT3 RS ვერსიაა. ის Valour-ის უფრო სპორტული და გაძლიერებული ალტერნატივაა. Valiant-ი უფრო მეტად სპორტისთვისაა შექმნილი, ვიდრე კომფორტისთვის. მისი შექმნის იდეა არც მეტი, არც ნაკლები ფერნანდო ალონსოს ეკუთვნის. 



Valiant-ს აეროდინამიკური დატვირთვისთვის კორპუსის განსხვავებული პანელები აქვს. ცხვირს დიდი ტუჩი, ხოლო კუდს ერთ ადგილზე დაფიქსირებული სპოილერი ამშვენებს. ასევე, უზარმაზარია დიფუზორიც. ჰაერის ნაკადის უკეთ გასანაწილებლად შეიცვალა კორპუსის ფორმაც, რომელიც მთლიანად კარბონისგანაა დამზადებული. 21-იანი დისკები მაგნიზიუმისგანაა შექმნილი და, თავისი ფორმით, ეს დეტალიც კი აუმჯობესებს აეროდინამიკას. ისინი წინ 16-დუიმიან, ხოლო უკან 14.1-დუიმიან კარბონ-კერამიკულ დისკებს ფარავს. მოდელი Valour-ის დაკიდების სისტემით აღარ არის აღჭურვილი. ამის ნაცვლად მას Multimatic Adaprive Spool Valve საკისრები აქვს, რომელიც თითოეულ ამორტიზატორს მილიწამებში არეგულირებს. 



5.2-ლიტრიანი ორტურბინიანი V12 735 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც Valour-ზე 30-ით მეტია. მაბრუნი მომენტი არ შეცვლილა და ისევ 752 ნიუტონ მეტრია. წონის უკეთესი განაწილებისთვის 6-სიჩქარიანი მექანიკური ტრანსმისია ძარის უკანა ნაწილშია განთავსებული. ასევე, Valour-ის მსგავსად, ბლოკირებადი დიფერენციალი სრულად მექანიკურია.

Valiant-ის სალონში ზედმეტი დეტალები გამქრალია. დამატებულია უსაფრთხოების კარკასი და Recaro Podium კარბონის ანატომიური სავარძლები. ასევე, ჩვეულებრივი ღვედების ნაცვლად სპორტული ღვედები გვაქვს. ინტერიერის დეტალები კარბონით და ალკანტარითაა დამშვენებული. ღიაა გადაცემათა კოლოფის ბერკეტის ბუდეც, რაც „უმაგრესი“ შტრიხია.

Aston Martin-ი ჯამში სულ 38 ერთეულ Valiant-ს გამოუშვებს. თითოეულის ფასი 2.5 მილიონი დოლარიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები