რატომ გამოიყურება ძველი Porsche ასე უცნაურად?
ეს უნიკალური ავტომობილი ერთ დროს ბამბაში იყო გახვეული.
მანქანების შექმნის პროცესში ავტომწარმოებლებს მკაცრი რეგულაციების გათვალისწინება უწევთ - უსაფრთხოების ზომებით დაწყებული, ხმაურის დონესთან დაკავშირებული წესებით დასრულებული. 1980-იანი წლების ბოლოს Porsche მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგა: „სუპერქარებისთვის“ ახალ დაბრკოლებად ხმაურის დონეზე დაწესებული რეგულაციები იქცა.
Porsche-ს გუნდი, პრობლემის მოსაგვარებლად, გამოსავლის ძებნას შეუდგა. გერმანული ავტომწარმოებელი უნდა დარწმუნებულიყო, რომ მის მიერ შექმნილი მანქანები ხმაურზე ტესტირების გავლას მოახერხებდნენ.
ამ იდეით შთაგონებულმა Porsche-ს გუნდმა ერთჯერად პროტოტიპზე მუშაობა დაიწყო. ეს იყო 928-ის ბაზაზე დაფუძნებული პროექტი, რომელიც ექსტერიერთან ერთად ინოვაციური საინჟინრო ტექნოლოგიითაც გამოირჩეოდა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კი აქ ის ფაქტია, რომ Porsche-მ მანქანის კორპუსისთვის ფოლადის ნაცვლად, ბამბა გამოიყენა.
ასე მივიღეთ Porsche, რომელიც არც მეტი არც ნაკლები ბამბაშია გახვეული, მანქანის ბამბაში მოთავსება ინჟინრებს ძრავის, გამონაბოლქვისა და შემშვები სისტემიდან გამომავალი ხმის მაქსიმალურად შემცირებაში დაეხმარა. ამ შემთხვევაში უმთავრესი სხვადასხვა ტიპის საბურავების ხმაურის დონის შემოწმება იყო, რაც ამ პროექტით ბევრად მარტივი ხდებოდა.
ბამბაში გახვევის გარდა, ინჟინრებს სხვადასხვა ნაწილებიდან გამომავალი ხმაურის შესამცირებლად, Porsche-ს 928-ის პროტოტიპში სხვადასხვა ნაწილის გადაადგილებაც მოუხდათ: მანქანის წინა ნაწილში გადაიტანეს რადიატორი, ხოლო გამონაბოლქვი სისტემა, უკანა ფანჯრიდან ავტომობილის სახურავზე, დიდი მაყუჩით დაამაგრეს.
Porsche-მ სასურველ შედეგსაც მიაღწია. ტესტირებებმა აჩვენა, რომ სტანდარტული „სლიკებით“ აღჭურვილი 928-ის ხმაურის დონე მხოლოდ 63 დეციბელი იყო, ხოლო დასაშვები დონე მაშინ 74 დეციბელით იყო განსაზღვრული.
ასე შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფორმის Porsche, რომელიც თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში ავტომწარმოებელს ხმაურის დონის დადგენაში წარმატებით ეხმარებოდა. საავტომობილო ინოვაციების რეალური მაგალითი კი ახლა Porsche-ს შტუტგარტის მუზეუმშია განთავსებული.