Aa Aa
22 ივლისი 2024  |  11:51

Tesla Cybertruck-ს წრიულ რბოლაზე C4 Corvette-მა მტვერი აყლაპა

Cybertruck-ს მინიმუმ 600 ცხენის ძალა აქვს, მაგრამ 40 წლის Corvette-ისა და კარგი მძღოლის კომბინაციამდე მაინც ვერ მივა.

უცხოურ გამოცემებში წერენ, რომ Tesla Crybertruck-ი ხალხს უფრო შთამბეჭდავად მოეჩვენებოდა, თუ ილონ მასკი მის წარმოებამდე ხალხს ზედმეტად ბევრს არ დაჰპირდებოდა. რა საჭირო იყო იმის თქმა, რომ კომპანიის მიერ გამოშვებული პიკაპი ტყვიაგაუმტარი და მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მანქანა იქნებოდა? ის მარცხიც ხომ გახსოვთ, ილონმა პიკაპის შუშას დემონსტრაციულად ლითონის ბურთი რომ ესროლა? მომხმარებლები მანქანის გიჟური წარმადობითაც იქნებოდნენ კმაყოფილები. ახლა კი, როდესაც ამდენი დაპირება და ფიცია გაცემული მოლოდინიც გაცილებით მეტია. იმდენად მეტი, რომ Cybertruck-ის მფლობელები ფიქრობენ, რომ წრიულ (რა თქმა უნდა ამერიკულ წრიულ რბოლას ვგულისხმობთ) ნებისმიერი კონკურენტის დამარცხება შეუძლიათ. სინამდვილეში კი 40 წლის C4 Chevy Corvette-ი ასწრებთ.

Colorado National Speedway მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ხშირად მასპინძლობს. წესები მარტივია: ორივე ავტომობილი ერთდროულად უნდა დაიძრას 1 წრეში ფინიშის ხაზი კონკურენტზე სწრაფად უნდა გადაკვეთოს. შესაძლოა დამატებით წრეზე შედეგი შეიცვალოს, მაგრამ წესები წესებია! 

ვიცით, რაც იფიქრეთ. ალბათ გგონიათ, რომ ეს „კორვეტი“ კაპოტქვეშ კომპრესორს ან ტურბინას მალავს. ცდებით მეგობრებო. ეს Chevy სრულად ქარხნულია. მისი გრძელი კაპოტი 5.7-ლიტრიან LT4 V8-ს მალავს, რომელიც 330 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მეორეს მხრივ, ორი ელექტრო ძრავით აღჭურვილ Tesla-ს 600 ცხენის ძალა აქვს. თუმცა, ამ ორ ავტომობილს შორის წონაშიც დიდი სხვაობაა.

მიუხედავად იმისა, რომ „ტესლას“ პიკაპი შავ ხვრელზე უფრო მძიმეა, დაძვრისას უპირატესობა მაინც მოიპოვა. მან Corvette-ს პირველ სამ მოსახვევშიც შეასწრო. აი მეოთხე მოსახვევში კი „შევის“ მძღოლმა შიდა ტრაექტორიით იდეალური გადასწრება შეასრულა და ფინიშის ხაზიც პირველმა გადაკვეთა. ამ შედეგს ხალხის მქუხარე რეაქცია მოჰყვა. რბოლა ფავორიტს არ მოუგია და ამას, მეგობრებო, სანახაობა ჰქვია.

გაზიარება: