Aa Aa
22 ივლისი 2024  |  16:18

ყველაფერი ახალი BMW Neue Klasse Coupe-ის შესახებ

ეს მოდელი Neue Klasse-ის სერიის რიგით მესამე მანქანაა და წინამორბედებისგან განსხვავებით, მხოლოდ კონცეფცია არ არის.

ინტერნეტში BMW-ის ახალი Neue Klasse Coupe-ის ფოტოები გამოჩნდა და როგორც ჩანს, გერმანული ავტომწარმოებელი ამჯერად მომხმარებლის იმედების გასამართლებლადაც ემზადება. თანაც, წინამორბედებისგან განსხვავებით, Neue Klasse-ის სერიის რიგით მესამე მანქანა მხოლოდ კონცეფციად არ დარჩება და გერმანული მარკა მის წარმოებაში ჩაშვებასაც გეგმავს.

თუმცა, BMW-ის ახალ მოდელზე ჯერ კვლავ მხოლოდ მწირი ინფორმაციაა ცნობილი. რთული დასადგენია რა ჩაიფიქრა ავტომწარმოებელმა: იქნება ეს „ჰიპერქარი“, სპორტული მანქანა თუ SUV-ი?

პირველი რაც ახალ BMW-ში შესამჩნევია, მანქანის რევოლუციური დიზაინია. მართალია, მომავლის ხედვებს Neue Klasse-ის ძველ მოდელებშიც მივეჩვიეთ, Vision Neue Klasse-ის სედანისა და Vision Neue Klasse X SUV-ის დიზაინი მათგან მაინც განსხვავებულია - ბევრად გლუვი ზედაპირიც აქვს, რაც ლეგენდარულ BMW M1-ს მოგვაგონებს.

მიუხედავად იმისა, რომ მანქანის ოფიციალური სახელი ჯერ საიდუმლოებით არის მოცული, სპეკულაციები ამ თემის გარშემო მაინც მრავლად არსებობს. ნაწილი მანქანის ელექტრობიდან გამომდინარე თვლის, რომ მის სახელწოდებაში შესაძლოა i8 ვიხილოთ, სხვა ვარიანტებს შორისაა iM3 ან iX4, რაც ასევე კავშირშია BMW-ს ელექტრომობილების სტრატეგიასთან. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს სახელი ფაქტია, რომ BMW-ი თავის ახალ ავტომობილში წარსულისა და უახლესი ტექნოლოგიების გაერთიანებას შეეცდება.

რაც შეეხება მანქანის შესაძლებლობებს - იმაზე საინტერესო, თუ რა არის მანქანის კაპოტქვეშ ისაა, თუ რა ხდება მანქანის ბორბლებთან. საქმე იმაშია, რომ მას ოთხივე ბორბალზე, კონკრეტულად კი მორგვებზე თითო ელექტრო ძრავა აქვს დამონტაჟებული. ამ მონაცემებით BMW Neue Klasse Coupe-ი სავარაუდოდ 1,341 ცხენის ძალის გამომუშავებას შეძლებს. მანქანის 800-ვოლტიანმა ბატარეამ კი 1,000 კილომეტრამდე დაფარვა უნდა შეძლოს.

თუმცა, მანქანის გამოსვლამდე, ავტომოყვარულებს ლოდინი კიდევ მოუწევთ. როგორც BMW-იმ ადრეც განაცხადა, Neue Klasse-ის მოდელებს უახლოეს წლებში უნდა ველოდოთ. წინასწარი დათქმებით, BMW-ის ელექტრომობილების ახალი ხაზის წარდგენისთვის რეალობასთან ყველაზე მიახლოებული თარიღი 2026 წელი უნდა იყოს.

გასაკვირი არც ის უნდა აღმოჩნდეს, რომ BMW Neue Klasse Coupe-ს საკმაოდ სოლიდური ღირებულებაც ექნება - ავტომობილის ფასი დიდი ალბათობით 6-ციფრიან ნიშნულსაც მიაღწევს. შედარებისთვის, i8-ის ფასი $150,000-დან იწყებოდა, Neue Klasse-ი კი ბევრად ინოვაციურია იმისთვის, რომ ამ მოდელზე საკმაოდ ძვირი არ ღირდეს.

გაზიარება: