Aa Aa
22 ივლისი 2024  |  17:25

აშშ-სა და ევროპაში Tesla ლიდერობას კარგავს: მიზეზი?

2024 წლის პირველ ნახევარში, Tesla-ს გაყიდვები ამერიკის შეერთებულ შტატებში 8%-ით, ხოლო ევროპის კონტინენტზე 13%-ით დაეცა.

როგორც ჩანს მიმდინარე წელი Tesla-სთვის დიდად წარმატებული არ გამოდგა. 2023 წლის რეკორდული მონაცემების შემდეგ - როდესაც Tesla, ყველაზე გაყიდვადი ავტომობილით, მსოფლიოში ელექტრომობილების ყველაზე პოპულარული მწარმოებელი გახდა - 2024 წელს ამერიკული ავტომწარმოებელი დაღმასვლას განიცდის.

JATO Dynamics-ის უახლესი ანგარიშით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში Tesla დომინაციას სულ უფრო მეტად კარგავს. ამ ტერიტორიებზე Tesla-ს გაყიდვები წლის პირველ ნახევარში შესაბამისად 8%-ითა და 13%-ითაა დავარდნილი. თუმცა მაშინ, როდესაც საერთო მოსახლეობაში ელექტრომობილების მიმართ ინტერესი თითქოს იკლებს, რეალურად ორივე რეგიონში მოთხოვნა გაზრდილია. მაშინ რა გახდა Tesla-ს ლიდერობის შესუსტების მიზეზი?

გაყიდვების ვარდნა ბაზრის წილის შემცირებას ყოველთვის არ ნიშნავს, თუმცა Tesla-ს შემთხვევაში ეს სწორედ ასე ხდება. ევროპაში 2024 წლის პირველ ნახევარში ბრენდის მიერ წარმოებული ელექტრომობილების გაყიდვები 161,300 ერთეულამდე დაეცა, მაშინ როდესაც გასული წლის იმავე პერიოდში Tesla-მ 185,200 ელექტრომობილი გაყიდა. თუმცა, იმავე დროის ჭრილში, ელექტრომობილების რეგისტრაციის შემთხვევები 1.7%-ით გაიზარდა.

ეს კი ნიშნავს, რომ ევროპულ BEV-ბაზარზე Tesla-ს წილი მიმდინარე წელს 19.8%-დან 17.2%-მდე შემცირდა. ამ შედეგით, Tesla ევროპის ელექტრომობილების ბაზარზე ვარდნით მხოლოდ Volkswagen Group-ს ჩამოუვარდება. კონკრეტულად, ამ ერთ წელიწადში Volkswagen-ის წილი ბაზარზე 22%-დან 18.7%-მდეა შემცირებული.

მსგავსი სიტუაციაა შეერთებულ შტატებშიც. Tesla-ს გაყიდვების მოცულობა 2023 წლის პირველ ნახევარში 324,900 ერთეულიდან წელს 299,200-მდე დაეცა. იმავდროულად, BEV-ის მთლიანი გაყიდვები იმავე პერიოდში 7.6%-ით გაიზარდა. შედეგად, Tesla-ს წილი ბაზარზე 2023 წლის 59.8 პროცენტიდან 2024 წელს 51.2%-მდე დავარდა. ვარდნის მიუხედავად, Tesla კვლავ დომინანტური მოთამაშეა შიდა ბაზარზე, თუმცა ზრდას განაგრძობენ მისი კონკურენტები - მათ შორის Hyundai (34%-იანი ზრდა), Ford-ი (48%), Rivian-ი (77%) და Kia (100%).

ბაზარზე Tesla-ს ვარდნის მთავარი მიზეზი არც თუ ისე რთული მისახვედრია. შეუძლებელია გაყიდვების ზრდა მუდმივად შენარჩუნდეს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ავტომწარმოებელი მის ხაზს საკმაოდ იშვიათად აახლებს. Model 3, რომელიც 2017 წლით თარიღდება, Tesla-მ მხოლოდ გასულ წელს განაახლა, Model Y უკვე 5 წლისაა, ხოლო Model S-ის ბაზრისთვის მიწოდება ამერიკულმა ავტომწარმოებელმა 2012 წელს დაიწყო.

და მაშინ, როდესაც Tesla ახალ მოდელებს არ უშვებს, ბაზრებზე კონკურენცია ყოველწლიურად კიდევ უფრო ძლიერდება. ევროპაში გერმანული და ჩინური ბრენდები იკიდებენ ფეხს, ხოლო შეერთებულ შტატებში კორეული კომპანიები, მათთან ერთად კი Ford-ი და Rivian-ი იბრძვიან ლიდერობისთვის.

ამ კონკურენციის ფონზე Tesla-ს გადარჩენას მხოლოდ Cybertruck-ი ვერ შეძლებს, მითუმეტეს, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში აშშ-ში მისი მხოლოდ 11,300 ერთეული გაიყიდა. არც დიდად ფასდაკლებები მოქმედებს. ერთადერთი გამოსავალი ახალი მოდელების წარმოებაა, რაც Tesla-ს პროდუქციას გაამრავალფეროვნებს და უფრო მეტი მომხმარებლის მოთხოვნასაც მოერგება.

 

გაზიარება: