ყველაზე გიჟური ჰეჩბეკი - 725-ცხენისძალიანი V8 ძრავით აღჭურვილი Focus-ი
V8-ძრავიანი Focus RS-ი გასაყიდადაა გამოტანილი.
საქართველოში Ford-ი (იგივე ლურჯი ოვალი) დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში Transit-ის და ახლა უკვე Fusion-ის მოდელებს ხშირად წააწყდებით, ჩვენი მძღოლები ამ ბრენდის მანქანებს დიდად ყურადღებას არ აქცევენ. აი მოყვარულებში კი საქმე სხვანაირადაა. ენთუზიასტებში Ford-ი ლეგენდარულ GT40-თან, RS2000-თან, Escort Cosworth-თან და სხვა მსგავს მანქანებთან ასოცირდება („მუსტანგს“ შეგნებულად არ ვახსენებთ, მოყვარულებს სხვა რაღაცებზე გვაქვს პრეტენზია). ერთ-ერთი ასეთი ავტომობილი კი 2000-იანი წლების დასაწყისში გამოშვებული Ford Focus RS-ია.
ეს იყო ძარა, რომელიც რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საასპარეზოდ შეარჩიეს. მისი სპორტული ვერსიაც არსებობდა - სახელად ST. თუმცა, ჰეჩბეკის სრული შესაძლებლობების საზოგადოებისთვის საჩვენებლად მწარმოებელმა კიდევ უფრო სპორტული, RS ვერსიაც გამოუშვა. ეს იყო უფრო დაკუნთული „ფოკუსი“, OZ-ის დისკებით, Brembo-ს მუხრუჭებითა და Sparco-ს სავარძლებით ქარხნულად! ამას 215-ცხენისძალიანი, 310-ნიუტონმეტრიანი ძრავაც ემატებოდა. შედეგად, ეს Focus-ი ძალზედ სახალისო სამართავი იყო და ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ჰეჩბეკად შევიდა.
მიუხედავად ასეთი წარსულისა და ისტორიისა, ვიღაცამ აშშ-ში გადაწყვიტა, რომ პირველი თაობის Focus RS-ი არც ისე ცხელი იყო და მისი ძრავის განყოფილებაში 725-ცხენისძალიანი Coyote V8 განათავსა. ეს ყველაფერი არ არის. მეტი სიგიჟისთვის, ეს მანქანა უკანაწამყვანიც გახდა. დიფერენციალი ბლოკირებადია. სიმძლავრის გაზრდასთან ერთად, მუხრუჭების მოდიფიცირებაც გახდა საჭირო. სალონში კი უსაფრთხოების კარკასიც არის დამონტაჟებული.
ეს საკმაოდ ძვირადღირებული და რთული პროექტი გასულ იანვარს, ერთ-ერთ აუქციონზე, 35 200$-ად გაიყიდა, რაც საკმაოდ კარგი ფასი გახლდათ. რატომ? დღეს ეს მანქანა კიდევ არის გასაყიდად გამოტანილი და ამჯერად ის 53 500$-ად არის შეფასებული. რა ვქნათ, 2024 წელს ასეთი ავტომობილები „მაგრად“ გაძვირდა. მომავალ წლებში კი კიდევ უფრო გაძვირდება.
როგორ შეაფასებდით უკანაწამყვან Focus-ს წინ დიდი V8-თი და უკანაწამყვანი კონფიგურაციით? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.