Toyota წყალბადზე მომუშავე ქვის ღუმელში პიცას ამზადებს
გასულ წელს, Toyota-მ, შვილობილ კომპანიებთან ერთად, რეკორდული რაოდენობის - 11.52 მილიონი ავტომობილი აწარმოა. თუმცა, წარმატებული წლის მიუხედავადაც, იაპონურ ფირმას ახალი სფეროების ათვისებაზე უარი არ უთქვამს და როგორც თავად აცხადებს, მსოფლიოში პირველი წყალბადზე მომუშავე ქვის ღუმელიც შექმნა.
Japan Mobility Show-ისთვის ინოვაციური ქვის ღუმელი Toyota-მ ასევე იაპონურ გაზის მოწყობილობების მწარმოებელ კომპანია Rinnai-თან თანამშრომლობით შეიმუშავა. წყალბადზე მომუშავე ღუმელის საშუალებით, კომპანია სტუმრებს გამომცხვარ პიცასა და კრუასანებს სთავაზობდა და საკმაოდ წარმატებულიც გამოდგა - განსაკუთრებით კი ბავშვებში.
ქვის ღუმელის დატესტვა შემდგომში უკვე Toyota-ს თანამშრომლებმაც დაიწყეს და სამუშაო საათებში, მას კრუასანებისა და პიცის დასამზადებლად იყენებდნენ.
„წყალბადს წვის მაღალი ტემპერატურა აქვს. წვის დროს წყალბადი ჟანგბადთან შედის ურთიერთქმედებაში და წარმოქმნის ორთქლს,რომელიც კერძებს გარედან ხრაშუნას და შიგნიდან წვნიანს ხდის“.
საბოლოოდ, წყალბადზე მომუშავე ქვის ღუმელი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ Toyota-მ ახალი საქმიანობის გაგრძელებაც გადაწყვიტა. მასზე მუშაობის პერიოდში კი წყალბადზე მომუშავე გრილის შექმნის იდეაც გაჩნდა, რომელსაც შემდგომში Toyota ავტოსპორტის სხვადასხვა სახეობებში საჭმლის მოსამზადებლად აქტიურად იყენებდა.
აქვე საინტერესოა ის ფაქტი, რომ Toyota პირველი ავტომწარმოებელი სულაც არაა, რომელიც „კვების ინდუსტრიაში აღმოჩნდა“. ისტორიას ახსოვს Volkswagen-ის სოსისები, Bentley-ის თაფლი და Peugeot-ის წიწაკის საფქვავიც კი. Toyota-ს ქვის ღუმელი, რა თქმა უნდა, წარმოებაში არ ჩაუშვია, მაგრამ მისი ხილვა, და მასში დამზადებული პიცისა და კრუასანის გასინჯვა, იაპონიაში, ავტომობილების გამოფენაზე კვლავ შესაძლებელია.
და იმის მიუხედავადაც, რომ წყალბადის ტექნოლოგიები Toyota-სთვის დიდად მოგებიანი არ აღმოჩნდა და ავტომწარმოებელმა Mirai-ს წარუმატებლობაც კი აღიარა, იაპონური კომპანია ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ განაგრძობს. Mirai-თან ერთად წყალბადის ძრავა Toyota-მ Crown-ის სედანშიც განათავსა და ახალი თაობის შიდა წვის ძრავებზეც მუშაობს, რომელიც წყალბადის საწვავს გამოიყენებს.