300+ კმ/სთ-ით მიმავალი Porsche 911 დაიმტვრა
წლევანდელი Sun Valley Tour de Force-ი, რომელიც აშშ-ში, აიდაჰოს შტატში იმართებოდა, ნაადრევად დასრულდა. მიზეზი ავარიაა, რომელსაც Porsche 911 შეეწირა.
სიჩქარის ტესტზე, Porsche 911 Turbo Cabriolet დაახლოებით 320 კმ/სთ-ით მოძრაობდა, რა დროსაც Highway 75-ის მონაკვეთზე გზიდან გადაუხვია და მძიმედ დაიმტვრა. სავარაუდოდ, მანქანას ბორბალი გაუსკდა, რის გამოც ფინიშის ხაზთან კონტროლი დაკარგა.
ავარიის ამსახველი ვიდეო-მასალა სოციალურ მედიაში მალევე გავრცელდა. კადრებში ჩანს სწრაფად მიმავალი Porsche, რომელიც კონტროლს კარგავს და გზის სავალი ნაწილიდან გადადის. ავარიის მომენტი იმდენად ძლიერია, რომ ავტომობილი გადაცემათა კოლოფსაც კი კარგავს. ერთ-ერთ TikTok-ვიდეოში ეს გადაცემათა კოლოფი, გზიდან მოშორებით, ტყეში გდია.
შემთხვევის მომენტში, ავტომობილში ორი პირი იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიას ორივე მგზავრი გადაურჩა, თუმცა ორივე მათგანს სერიოზული დაზიანებები აქვს.
Sun Valley Tour de Force-ი მაღალი კლასის საავტომობილო შეკრებაა, რომელიც აშშ-ში აიდაჰოს შტატში ტარდება. ღონისძიების მთავარი ნაწილი სწორედ Highway 75-ის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთია, სადაც გადაადგილება სიჩქარის შეზღუდვის გარეშეა დაშვებული.
ამ ფაქტიდან გამომდინარე, ეს წრე სიჩქარის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. სწორედ აქ დაამყარა Bugatti Chiron-მა მისი ახალი, სიჩქარის რეკორდი, როდესაც 407 კმ/სთ-ს მიაღწია.