BMW ცდილობს ახალი M5 სასურველი ქარხნული გაუმჯობესებებით გახადოს
ახალი M5-ის M Performance-ის ნაწილების დიზაინიც შეიქმნა.
როდესაც ახალი M ავტომობილი გამოდის, მოყვარულებში დიდი მღელვარებაა. უახლესი M-ის შეძენა სურს ყველას. თუმცა, ეს მოცემულობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც BMW-მ გასულ თვეში ახალი M5 წარადგინა. ბავარიული სპორტული სედანი კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცა. მიზეზი წონის რეკორდული მატება და სტილი გახლდათ. ახლა მწარმოებელმა G90-ისთვის M Performance ნაწილები გამოუშვა. ბავარიელები პირველი და ცუდი შთაბეჭდილების ნელ-ნელა გადაფვას ცდილობენ? არ ვიცით, არ ვიცით...
M5-ის ქარხნული დანამატები კარბონისაა და მის უზარმაზარ კორპუსზე მთლიანადაა გადაჭიმული. უკანა მხარეს მცირე ზომის კარბონის სპოილერი და ორად გაყოფილი დიფუზორი გვაქვს. კარბონისგანაა დამზადებული ლარტყებიც. ამავე მასალითაა დამშვენებული წინა ბამპერიც. სახურავზე არსებული ცნობილი ფარფლი კი სახურავთან არის შერწყმული. თუმცა, თუ ავტომობილის წონას გავითვალისწინებთ, ეს ყოველივე ავარიული და დაბზარული სახლის „სკოჩით“ შეწებებას ჰგავს.
იმისათვის, რომ ახალი M5-ს წონა ოდნავ მაინც დააგდებინოთ რამდენიმე გამოსავალი არსებობს. თუ თქვენ კარბონის სახურავს აირჩევთ, წონა 30 კგ-ით შემცირდება. თანაც, ეს მანქანას უმაღლესი წერტილიდან მოაკლდება, რაც სიმძიმის ცენტრს უფრო მეტად დაადაბლებს. მოდელს 25 კგ-ს მოაკლებთ თუ კარბონ-კერამიკურ სამუხრუჭე სისტემას აირჩევთ. ხოლო თუ სპეციალურ CS ვერიას დაელოდებით ეს ყოველივე, შესაძლოა, სხვა ბევრ დეტალთან ერთად, ქარხანამ პირდაპირ გამზადებული შემოგთავაზოთ.
აღსანიშნავია, რომ ახალი სტანდარტული M5-ის კარბონის ანატომიური სავარძლებით შეძენა არ იქნება შესაძლებელი. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ამ მოდელის CS ვერსია იარსებებს, რომელიც წონას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
იქამდე კი გეტყვით, რომ მალე M5 Touring-ის დებიუტს ველოდებით. უნივერსალი M5 G99-ის სახელით გამოვა და ის აშშ-შიც გაიყიდება. შესაძლოა ეს უკანასკნელი სედაზე ძვირიც ღირდეს, რომელის ფასიც 120 000$-დან იწყება.