ეს 1990 წლის M3 შესაძლოა ახალზე ძვირად გაიყიდოს
მანქანა უნაკლო მდგომარეობაში ნამდვილად არაა, თუმცა ერთი შეხედვით ამის მიხვედრა ბევრს გაუჭირდება.
E30 BMW M3-ის მსგავსი ისტორიული მნიშვნელობის მხოლოდ რამდენიმე ავტომობილი თუ გვახსენდება. ავტომოყვარულებზე მანქანას იმხელა გავლენა ჰქონდა, რომ M3 დღესაც ბევრის სასურველ მოდელად რჩება. ამის მაგალითი 1990 წლის ეს M3-ია, რომელიც აუქციონზე შესაძლოა ახალზე ძვირადაც კი გაიყიდოს.
ავტომობილი გასაყიდად Bring A Trailer-ის აუქციონზე გამოჩნდა. ერთი შეხედვით M3 უნაკლო მდგომარეობაშია - იდეალურად გამოიყურება, როგორც ექსტერიერი, ასევე ინტერიერი. ამის გათვალისწინებით, ბევრი თვლის, რომ მანქანა შესაძლოა $140,000-დაც კი გაიყიდოს, რაც 2022 წლის იმავე მოდელის ფასზე ორჯერ მეტია.
რეალურად, ამ „უნაკლო“ მანქანას 117,000 კილომეტრი აქვს გავლილი. თუმცა, გარეგნულად ეს ნამდვილად არ ეტყობა, რაც ნაწილობრივ მანქანის განახლებისა და შეკეთების რიგი სერიების დამსახურებაა. მათ შორის, რამდენიმე თვის წინ მფლობელმა შეაკეთა და შეღება M3-ის კაპოტი, წინა ბამპერი, უკანა ნაწილი და სხვ. შედეგად, Diamond Black Metallic-ის ფერის საღებავში დაფარული M3 ინტერიერის დიზაინთან იდეალურ თანხვედრაშია.
თუმცა M3-ს ავტომოყვარულებისთვის მიმზიდველ მანქანად დახვეწილ დიზაინთან ერთად, მისი შესაძლებლობებიც აქცევს. M3-ის კაპოტქვეშ 2.3-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი S14 ძრავაა მოთავსებული, რომლის საშუალებითაც მანქანა 195 ცხენის ძალას აღწევს. მაბრუნი მომენტი 230 ნიუტონ/მეტრია. გარდა ამისა, ავტომობილი 5-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი, რომელიც მთლიან ძალას მანქანის უკანა ბორბლებზე გზავნის.
აუქციონზე განთავსებისას, ეს M3-ის საწყის ფასად $50 ათასი განისაზღვრა. თუმცა, აუქციონის დასრულებამდე კიდევ რამდენიმე დღეა დარჩენილი და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ E30 M3-ების ნაწილი გასულ წელს $140,000-ზე მეტადაც გაიყიდა, არსებობს შანსი, რომ ამ მანქანის ფასიც უახლოეს დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება.