Kawasaki-იმ ახალი წყალბადის მოტოციკლი წარადგინა
Kawasaki მომავალ ათწლეულში წყალბადის შიგაწვის ძრავაზე მომუშავე მოტოციკლებს გამოუშვებს.
ახლახან, კომპანია Kawasaki-მ წყალბადის ძრავაზე მომუშავე მოტოციკლი წარადგინა, რომელსაც ტრადიციული მოტოსთვის დამახასიათებელი ყველა თვისება აქვს და, ამასთანავე, გარემოს ნაკლებად აბინძურებს.
Ninja H2-ზე დაფუძნებულ მოტოციკლს 1.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი კომპრესორიანი ძრავა აქვს. ის ისეა მოდიფიცირებული, რომ საწვავის ნაცვლად წყალბადზე იმუშაოს. ეს უკანასკნელი პირდაპირ ცილინდრში იფრქვევა, რაც გულისხმობს, რომ ძრავაში ზუსტად ის პროცესი მიმდინარეობს, რაც შიგაწვის ძრავაში.
ძრავასთან ერთად შეიცვალა ავზის და საწვავის მიწოდების სისტემა. ეს ტექნოლოგია ისეა მოტოზე დამონტაჟებული, რომ გვერდითა სათავსოებს ჰგავდეს.
Kawasaki მსოფლიოში პირველი მოტომწარმოებელი გახდა, რომელმაც წყალბადზე მომუშავე შიგაწვის ძრავის მქონე მოტოციკლის რეალური პროექტი წარადგინა. პრეზენტაცია Suzuka Circuit-ზე 8-საათიანი გამძლეობის რბოლისას შედგა. ეს პროექტი ერთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა.
კომპანია აცხადებს, რომ აქსელერატორის ბერკეტის დატრიალებისას მოტოციკლი ზუსტად ისეთ ხმაურიან და პულსირებად აჩქარებას გვაძლევს, როგორც ტრადიციული მოტოციკლზე ვართ მიჩვეული. ამას ისიც ემატება, რომ წყალბადის ნამწვი მცირე რაოდენობით CO2-ს გამოყოფს. რაც შეეხება ავზის შევსებას, ინტერვალი საკმაოდ დიდია. ასევე, საწვავით შევსება გაცილებით სწრაფადაა შესაძლებელი, ვიდრე ბატარეების დამუხტვა. ამ ფაქტორით ის ელექტრო მოტოციკლებზე წინ დგას.
მიუხედავად იმისა, რომ Kawasaki-ის ეს მოტოციკლი ჯერ მხოლოდ პროტოტიპია, მისი წარმოება 2030-იან წლებში იგეგმება. თუმცა, ყველაფერი მაინც წყალბადის გასამართი სადგურების ინფრასტრუქტურის მოწყობაზე იქნება დამოკიდებული. ამასთან დაკავშირებით კი სხვადასხვა ქვეყნებს სხვადასხვა რეგულაციები აქვთ.