Aa Aa
25 ივლისი 2024  |  15:29

რა ხდება ძრავის შიგნით მუშაობის პროცესში?

თითქმის ორი წლის წინ, Garage 54-ის გუნდმა ძრავის თავზე გამჭვირვალე საფარი მოათავსა და მაყურებელს საშუალება მისცა, საკუთარი თვალით ენახათ, რა ხდება ძრავის შიგნით. ძრავის მუშაობისა და წვის პროცესის ამსახველი ვიდეო კი საკუთარ YouTube არხზე განათავსა.

Garage 54-ის გუნდმა იმავე ექსპერიმენტის ჩატარება წარსულშიც არაერთხელ სცადა, თუმცა ყველა შემთხვევა წარუმატებელი გამოდგა. უფრო მეტიც, ბოლო მცდელობისას ძრავა დაქოქვისთანავე აფეთქდა, რამაც გუნდი ბლოკის დიზაინის შეცვლის აუცილებლობაზე დააფიქრა.

ახალი დიზაინის ბლოკს ცილინდრის თავსა და მუხლა ლილვებს შორის „შუამავლის“ როლი უნდა შეესრულებინა. ამ მიდგომით ბლოკზე რაიმე ტიპის პირდაპირი ზეწოლა ნულამდე შემცირდებოდა და ბლოკი მხოლოდ ძრავის შიგნით აფეთქების შედეგად წარმოქმნილ დატვირთვას გაუძლებდა. გარდა ამისა, ძრავის შეკუმშვის კოეფიციენტის შესამცირებლად Garage 54-მა უფრო მაღალი ბლოკი შექმნა.

ცვლილებების წყალობით, შემდგომი ექსპერიმენტი ბევრად წარმატებული გამოდგა. ძრავის დაქოქვისას ნაპერწკლები გაჩნდა, თუმცა წარსულ მცდელობებთან შედარებით, ამას კატასტროფული მარცხი არ მოჰყოლია. ამის მიუხედავად, წვა ძალიან გვიან დაიწყო - მაშინ, როდესაც ცილინდრი ზედა მკვდარ წერტილში იყო. დაგვიანებული წვის გამო ძრავის ბლოკზე წნევა გაიზარდა და ბლოკის ძირი გატყდა. თუმცა, ამ ინციდენტის გამო ექსპერიმენტი არ შეჩერებულა.

მცირე ცვლილებების შემდეგ, Garage 54-ის გუნდმა ექსპერიმენტი ხელახლა ჩაატარა. ამჯერად ძრავა დაიქოქა და თითოეული ცილინდრის მუშაობის პროცესი Garage 54-მა ნელი მოძრაობის კამერით დეტალურად აღბეჭდა. მაგრამ, ძირზე გაჩენილი ბზარი გაფართოვდა, ძრავა მაღალი სიცხის გამო დაზიანდა და მხოლოდ რამდენიმე წამით იმუშავა.

მართალია ძრავას დიდი ხნით არ უმუშავია, ექსპერიმენტმა სასურველი შედეგი მაინც გამოიღო. ეს მხოლოდ პირველი მცდელობა იყო, რამაც Garage 54-ის გუნდი სამომავლოდ გამჭვირვალე ძრავის ბლოკის შექმნაზე დააფიქრა.  

.

გაზიარება: