Aa Aa
26 ივლისი 2024  |  12:15

2025 წლის Corvette ZR1 1 064-ცხენისძალიანი ჰიპერავტომობილია

ZR1 დაბრუნდა და უფრო მეტის ცხენის ძალა აქვს, ვიდრე Bugatti Veyron-ს.

Bugatti Veyron-ი 20 წლის წინ გამოვიდა და მისი W16 ძრავა 987 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. კომფორტული, მდიდრული და სერიულად წარმოებული ავტომობილისთვის ეს იმ პერიოდისთვის არნახული მონაცემები იყო. დღეს სიმძლავრის ამ ნიშნულს Corvette-ი დაეწია და გადაასწრო.

C8 თაობის ZR1 ვერსიის ხილვას დიდი ხნის განმავლობაში ველოდებით. ეს ხომ Corvette-ის ყველაზე მძლავრი და სპორტული ვერსიაა? მაშ ასე, თქვენ წინაშეა ორტურბინიანი 5.5-ლიტრიანი V8 ძრავით აღჭურვილი Corvette-ი, რომელიც 1 064 ცხენის ძალასა და 1121 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. რაც ყველაზე საინტერესოა, ის უკანაწამყვანია. 



მოდით თავიდანვე ვთქვათ - სიმძლავრის ამ მაჩვენებლით ZR1-ს თამამად შეუძლია დასცინოს Ferrari-ის 296 GTB-ის, უახლეს 12Cilindri-ის და SF90 Stradale-საც კი. მისი აგრეგატი Lamborghini Revuelto-ზე, McLaren 750S-ზე, Pagani Huayra-ზე და თვით Mercedes-AMG One-ზე მძლავრია. და საერთოდაც, ეს ყველაზე მძლავრი V8 ძრავაა, რაც ამერიკაში სერიული ავტომობილისთვის შექმნილა.

ამ ძრავას LT7 ჰქვია. მას LT6-თან ბევრი საერთო აქვს. ეს უკანასკნელი Corvette Z06-ში გვხვდება. თუმცა, ZR1-ში მისი შიგნეულობა მნიშვნელოვნადაა მოდიფიცირებული და ტურბინები აქვს დამონტაჟებული. ასევე, განახლებული და გაძლიერებულია 8-სიჩქარიანი ავტომატური ორმაგი გადაბმულობის მქონე ტრანსმისიაც. დეტალებით თავბრუს არ დაგახვევთ. 




ყველა ამ ცვლილების შემდეგ, Corvette-ის აღმასრულებელმა ინჟინერმა ZR1-ის წევის ძალა სატვირთო მატარებლის წევის ძალასაც შეადარა. თუმცა, სატვირთო მატარებლისგან განსხვავებით ახალი „ვეტის“ მაქსიმალური სიჩქარე 346 კმ/სთ იქნება. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ მოდელს სიჩქარის ელექტრო შემზღუდველი არ ექნება, რაც გვაფიქრებინებს, რომ მანქანა უფრო მაღალ სიჩქარესაც განავითარებს.

გასაჯაროებულია სხვა მონაცემებიც. კერძოდ, ვიცით, რომ ახალი ZR1 402 მეტრს 9.7 წამში, 241 კმ/სთ-ით ფარავს. ეს „დრაგის" მონსტრ Dodge Challenger SRT Demon 170-თან შედარებით უფრო ნელი მონაცემია. Demon 170 ამავე დავალებას თავს 8.91 წამში ართმევს. თუმცა, მისგან განსხვავებით Vette-ი გაცილებით მსუბუქია. მისი მშრალი წონა 1 665 კგ-ია. კაბრიოლეტის წონა კი 1 705 კგ-მდე გაიზრდება.



მყიდველები ავტომობილის დამუხრუჭების სიმძლავრითაც იქნებიან კმაყოფილნი. მოდელს წინ თითქმის 16-დუიმიანი, ხოლო უკან 15.4-დუიმიანი კარბონის კერამიკული მუხრუჭები აქვს. ZR1-ის აჩქარების და დამუხრუჭების მონაცემები, წინა თაობის ZR1-თან შედარებით, 22%-ით არის გაუმჯობესებული.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილს Ford GT-ზე 404 ცხენის ძალით მეტი აქვს, მისი დიზაინი საკმაოდ თავშეკავებულად გამოიყურება. მის სტილში ყველაზე დიდი ცვლილება კაპოტზე გვაქვს, სადაც დამატებითი ჭრილებია. ეს გაგრილებისთვის და მიმჭერი ძალის გასაზრდელად არის საჭირო. ასევე, კორპუსზე მოიმატა კარბონის დეტალებმა. უკან კი მცირე ზომის (ან დამატებითი „ოფციის“ შემთხვევაში დიდი ზომის) რეგულირებადი სპოილერი გვაქვს. მწარმოებელი მომხმარებელს 20-21-დუიმიან კარბონის დისკებსაც სთავაზობს. მათზე Michelin Pilot Sport 4S იქნება გადაკრული.




რა შემთხვევაში ექნება მანქანას უკან ეს უზარმაზარი ფრთა? მსურველებს დამატებით ZTK სპორტული პაკეტის შეძენა შეუძლიათ, რითაც მანქანა „ტრეკის რისხვა“ გახდება. მის ფარგლებში მოდელს უკანა ფრთასთან ერთად სხვა დამატებითი აეროდინამიკური დეტალებიც ექნება. ასევე, ამ პაკეტში უფრო ხისტი გახდება დაკიდების სისტემა. დისკებზე კი Michelin Pilot Sport Cup 2R იქნება გადაკრული.

ZR1-ის შეძენა მომავალი წლიდან იქნება ხელმისაწვდომი. სამწუხაროდ, ფასის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ისე კი გეტყვით, რომ Z06-ის შესაძენად მინიმუმ 110 100$-ია საჭირო.

გაზიარება: